სიღარიბეს გამოქცეული ოჯახი – შეიფარებს თუ არა ოზურგეთი 5 მცირეწლოვანს

5 მცირეწლოვანი შვილის დედა თავის ოჯახთან ერთად უკიდურეს სიღარიბეს, შიმშილსა და გაჭირვებას ჯერ ადიგენიდან, შემდეგ კი ახალციხიდან გამოექცა და ახლა ოზურგეთში ცხოვრობს.

35 წლის სოფო ხომერიკი წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომიდანაა. მან რამდენიმე წლის წინ ოჯახი – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრებ დავით ჭანტურიძესთან შექმნა.

სოფოს 5 შვილი ყავს, უფროსი 12 წლისაა, უმცროსი კი ორის.

“მეუღლის უმუშევრად დარჩენის გამო დაგვეწყო პრობლემები, უამრავჯერ მივმართეთ ადიგენის გამგეობას, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ მეუღლემ სამუშაო ახალციხეში იპოვა და ჩვენც საცხოვრებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში გადავედით” – იხსენებს დედა ჩვენთან საუბარში.

თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა და ტრაგედია ოჯახისათვის სწორედ იქ მოხდა, მამამ, როგორც სოფო ყვება, გაუსაძლისი მდგომარეობისა და უამრავი პრობლემის გამო ცხოვრება სუიციდით დასრულა.

ტრაგედიის შემდეგ ჭანტურიძეების ოჯახმა ახალციხეც დატოვა და უკვე ერთი კვირაა ოზურგეთში ცხოვრობს.

ოჯახის პრობლემას პირველი საქველმოქმედო ორგანიზაცია “სიკეთის ქალაქის” დამფუძნებელი, ნანა შველიძე გამოეხმაურა. მან ოჯახს პირველადი დახმარება გაუწია და ძალ ღონეს არ იშურებს, რომ ოჯახის წინ მდგარი, უამრავი პრობლემების წინაშე, დედა, მარტო არ დარჩეს:

“როგორ გითხრათ, გარკვეულწილად როცა ასეთი ამბები ოზურგეთს და გურიას უკავშირდება უფრო იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი რომ უცებ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას გააკეთონ მაქსიმუმი, რომ თავიდან ავიცილოთ ტრაგედია. ხედავთ რა მდგომარეობაცაა, ვეცდებით გავაკეთოთ რაც შეგვიძლია იმაზე მეტი” – გვეუბნება ქალბატონი ნანა.

მისი თქმით, ჭანტურიძეების ოჯახის ამსახველი მძიმე ყოფის ვიდეოების სოციალურ ქსელში განთავსებისთანავე, მას გურიის მაჟორიტარი ბიუროს ხელმძღვანელი, ქეთი ვასაძე დაუკავშირდა და ოჯახს გვერდში დგომა აღუთქვა.

დღეისათვის დედა, 5 შვილთან ერთად, ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის 115 ნომერში, ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, თუმცა ოჯახის მომავალი ბუნდოვანია, რადგან  სწავლის, ჩაცმა დახურვისა თუ სხვა პრობლემების დადგომამდე, პირველ რიგში – ელემენტარული – საკვების პრობლემაა.

დედა, სოფო ხომერიკი არ მალავს, რომ ბავშვები ხშირად მშივრები არიან, გადაადგილებისა და ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჭანტურიძეებს დროებით სოციალური დახმარებაც შეჩერებული აქვთ, სწორედ ეს არის მიზეზი თუ მიზეზთა ერთობლიობა, რომელსაც მივყავართ დასკვნამდე, რომ თუ არ იქნება სასწრაფოდ ამ პრობლემების მოგვარებისათვის გადადგმული ნაბიჯები, შესაძლოა საზოგადოება დიდი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდეს.

ქალბატონი ნანა იმედოვნებს, რომ ოზურგეთის მერია თავის სიტყვას იტყვის, რადგან როგორც თვითონ ამბობს, მსგავსი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ორგანიზაციას წარსულის გამოცდილებიდან აქვს, ოზურგეთსა და ჩოხატაურში შესაბამისი სამსახურები ყოველთვის ოპერატიულად მოქმედებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share