ის, რასაც საზღვარზე ვხედავთ, ხელისუფლების პრობლემაა, სხვა ქვეყნებმა მოახერხეს, რომ მსგავსი რამ მათ საზღვარზე არ ხდებოდეს – ნუ, რა ვქნათ, ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი ითმენს-ნინო ბურჯანაძე

ის, რასაც ახლა ჩვენ საზღვარზე ვხედავთ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან სხვა სახელმწიფოებმა მოახერხეს, რომ მსგავსი რამ მათი სახელმწიფოების საზღვარზე არ ხდებოდეს. ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს. ნუ, რა ვქნათ, ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი ითმენს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გმირთა მემორიალთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება თავის სიმაღლეზე არ დგას, ბუნებრივია, რუსეთიდან ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანების უკონტროლო შემოდინება ქვეყნისათვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა.

„რუსეთთან ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანების გულწრფელი სურვილი. ვიღაცა ალბათ, მართლა გულწრფელად მოდის, ვიღაცას ალბათ, მართლა უყვარს საქართველო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ყველა კეთილი სურვილებით შემოდის. ამას უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფოს სამსახურები, იმის ნაცვლად, რომ თქვენ – ჟურნალისტებს გისმენდნენ, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსებს უსმენდნენ, ძალიან ნათლად უნდა იყოს გაკონტროლებული: ვინ შემოდის, რამდენი შემოდის, რამდენი ყიდულობს ბინას, რამდენი ხსნის ბიზნესს და ა.შ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ამ ტიპის უკონტროლობა, ასეთ რთულ საერთაშორისო ვითარებაში, ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც ვერ არის ეფექტური, ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია. მე იმედი მაქვს, რომ ვითარება არ გამწვავდება, მაგრამ ის, რასაც ახლა ჩვენ საზღვარზე ვხეხავთ, ეს არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ, რომ სხვა სახელმწიფოებმა მოახერხეს, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს მათი სახელმწიფოების საზღვარზე, ე.ი. ისინი უფრო ეფექტურად მუშაობენ, უფრო იცავენ საკუთარი სახელმწიფოების ინტერესებს, ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს. ნუ რა ვქნათ, ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი ითმენს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share