რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
გასული დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებდნენ და მეზობელ ქვეყნებში გარბოდნენ.
რიგები იდგა საქართველოს საზღვართანაც, თუმცა ბოლო დღეებში მათი რაოდენობა შემცირდა.
“საზღვარზე სიმშვიდეა, 15 წუთში გადმოვედით. როცა რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა არეულობა დაიწყო, რადგან ბევრ ისეთ ადამიანს მოუვიდა გაწვევა, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა შეხებოდა”, – ამბობს რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე.
საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ის ადამიანები, ვინც რუსეთიდან გარბიან, ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან.
“გუშინ ნაკადი შემცირდა, დღეს რუსულნომრებიან მანქანებს თითქმის ვეღარ ვხედავთ. გაუგებარია, სად გაქრა ის ხალხი, ვინც საზღვარზე შემოშვებას ელოდა. მე საქართველოში გაზაფხულზე შემოვედი, ისინი, ვინც რუსეთიდან გარბიან არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოლიტიკას, ომის და ე.წ. რეფერენდუმების წინააღმდეგი არიან”, – ამბობს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქე.
რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა შსს ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასული დღეების განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში დღიურად 10 000-მდე მოქალაქე შემოდიოდა.
გასულ კვირას რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა. პროტესტი იგეგმება 7 ოქტომბერსაც, ორგანიზატორები კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან, ისინი მიგრაციის კანონის გადახედვასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას აპირებენ.