უკრაინას აქვს შესაძლებლობა რუსეთი ქვეყნიდან განდევნოს–გენერალი პეტრეუსი

ოთხვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთშიდევიდ პეტრეუსი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირები რუსეთის ჯარის კონვენციურ შესაძლებლობებს გაანადგურებენ, ყველგან სადაც მათზე ხელი მიუწვდებათ, მათ შორის, შავ ზღვაშიც.

პეტრეუსი, რომელიც წარსულში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორიც იყო, აცხადებს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და დემოკრატიების თანადგომით, რუსეთის არმიის განდევნას, სულ მცირე, 24 თებერვლის პოზიციებამდე მოახერხებს. თუმცა ის დასძენს, რომ ამისთვის უკრაიანას მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს.

“წინ ბევრი რთული ბრძოლაა. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელებს ბევრი, მძიმე მსხვერპლი ექნებათ. ზამთარი რთული იქნება, მაგრამ ის რუსეთისთვის ბევრად უფრო რთული იქნება ვიდრე უკრაინისთვის. მაგრამ შეხედეთ, უკრაინელები ამას აღიქვამენ, როგორც მათ დამოუკიდებლობის ომს, ისინი იბრძვიან საკუთარი ეროვნული გადარჩენისთვის და აბსოლუტურად გადაწყვეტილი აქვთ, რომ მთელი ქვეყანა დაიბრუნონ უკან. ახლა ეს გულისხმობს ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობასაც. ამ მხრივ არსებობს რეალური სამხედრო გამოწვევები, მაგრამ ეს შესაძლებლობაც გაჩნდა. იმის დაბრუნება, რაც მათ 24 თებერვლის შემდეგ დაკარგეს, ვფიქრობ, შესაძლებელია.

არ მგონია რუსეთს შეუძლია რაიმე გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საბოლოო შედეგი თავიდან აიცილოს. საკითხავია რა დრო დასჭირდება ამას. რამდენად რთული იქნება ეს უკრაინელებისთვის? რამდენი მსხვერპლი მოჰყვება ამას, რამდენად შეძლებს რუსეთი სადამსჯელო ზომების მიღებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამ კითხვაზე პასუხი რუსეთის სამხედრო შენაერთების ჩამოშლის ტემპზეა დამოკიდებული. ჩვენ უკვე ვნახეთ არა მხოლოდ ცალკეული რუსი ჯარისკაცების ჩაბარების შემთხვევები, არამედ ვხედავთ მთელი დანაყოფების ჩაბარებას, ჩამოშლას, როგორც ეს აღმოსავლეთში უკრაინის სწრაფი შეტევის ფონზე მოხდა.

ვფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ, როგორც თეთრმა სახლმა ასევე კონგრესმა, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ გვსურს უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენ მათთან ვიქნებით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ. მგონია ამ სიტყვის გამოყენება ერთგვარ დისკომფორტს იწვევს. მე როცა ჯარში ვმსახურობდი, სიტყვა გამარჯვებას არ ვიყენებდი. ვსაუბრობდი პროგრესზე. ვფიქრობ, რომ ეს ცოტა უფრო მოზომილია.

ვფიქრობ, არსებობს ძალიან დიდი შემართება და ეს ორპარტიულია. ამ ძალისხმევის ერთ-ერთი ლიდერი კაპიტოლიუმის ბორცვზე, უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკონელია, ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის წევრი არაა. ორივე მხარეს გადაწყვეტილი აქვს, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რაც შეიძლება სწრაფად და ისე, რომ მათ ამ დახმარების მიღება და სწორად გამოყენება შეძლონ.

ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. რუსეთს არ ჰყავს დემოკრატიის არსენალი მის გვერდით. ირანული დრონების გარდა არც ერთი ქვეყანა არ აწვდის მნიშვნელოვან დახმარებას. ისინი ძალიან ღრმა ორმოში არიან და ეს ორმო უფრო გაღრმავდება ვიდერე ყველაფერი დამთავრდება.

რეალობა  ის არის, რომ უკრაინას უფრო დიდი, უფრო ძლიერი სამხედრო ძალა აქვს და არის ბევრად უფრო მოტივირებული. მხოლოდ მათი ბძროლის სულისკვეთება უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. მოგეხსენებათ, კლაუზევიცი ამბობდა, ომში მორალური სიძლიერე სამჯერ აღემატება ფიზიკურ სიძლიერეს. ეს კი უდავოდ, უკრაინის სასარგებლოდ ასეა.

წყარო: ამერიკის ხმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share