რეზოლუციის რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, მას არც პირადად ჩემი მხარდაჭერა და არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება,- ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, რატომ არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში, რომელზეც გადიოდა რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“.
პაპუაშვილმა რეზოლუციაში დანამატის სახით შესულ იმ ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად და პუტინის პირად პატიმრად არის მოხსენიებული და როგორც აღნიშნა, „რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა და რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის პუტინის პატიმარი, არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე“.
„ყირიმის პლატფორმაზე ნამდვილად მივდივარ ჩემი კოლეგის, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევით, რომელთანაც ინტენსიური კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის, იცით, რომ ახლაც ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე რუანდაში, სადაც შევხვდით უკრაინის რადას პირველ ვიცე-სპიკერს და ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვუგებთ ყველა ერთმანეთს და სამწუხაროდ, როგორ ხდება ძალით მცდელობა, რომ გაუგებრობა ჩამოვარდეს.
რაც შეეხება რეზოლუციას, გეტყვით ჩემ პირად პოზიციას. რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება. ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი, რეზოლუციის რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, იმას პირადად ჩემი მხარდაჭერა არ ექნება და არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება. თქვენ როგორ დაუჭირეთ ამ რეზოლუციას მხარი 2008 წელს, ეს ვნახეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე დღის წინ მიიღო რეზოლუცია – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული. გარდა ამისა, დოკუმენტში დამატების სახით შევიდა ჩანაწერი, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. რეზოლუციას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ აქვს. საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხდომას, რომელზეც რეზოლუცია გავიდა, არ დასწრებიან.