“ბოდიში, რუსულად ვლაპარაკობ”, “გამარჯობა”, “გეთაყვა”, “ორასი გრამი” – სულ ესაა, რისი თქმაც ქართულად შემიძლია, რაც მინდა რომ 200 გრამი ამიწონონ, იმას ხელით ვაჩვენებ ხოლმე მაღაზიაში” – მეუბნება ანდრეი, ახალგაზრდა კაცი მოსკოვიდან, რომელსაც ორბელიანის მოედანთან, ერთ-ერთ ისტორიულ, ძველ თბილისურ ეზოში პატარა კინოთეატრი აქვს მოწყობილი. კინოთეატრში 10 სკამი და ერთი პროექტორი დგას, კედელზე პატარა ეკრანი კიდია. შესასვლელში კვირის აფიშაა გამოკრული – კინოკლასიკას სამ ენაზე აჩვენებენ: რუსულად, ინგლისურად და ქართულად. ანდრეი ლემზიაკოვი ერთ-ერთია იმ ათი ათასობით რუსეთის მოქალაქეს შორის, რომელიც საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა და ერთ-ერთი იმ ათასობით რუსს შორის, ვინც აქ ბიზნესის გაკეთება გადაწყვიტა.
ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ 2022 წლის ოთხ თვეში, მარტიდან ივლისამდე საქართველოში 6 400 რუსული კომპანია და მეწარმე დარეგისტრირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 7-ჯერ მეტია.
რადიო თავისუფლება თბილისში რუსეთის მოქალაქეების მიერ ბოლო თვეებში გახსნილ 15-მდე წიგნის მაღაზიას, კაფეს, კინოს, საერთო სამუშაო სივრცეს და ბარს ესტუმრა – თითქმის ყველგან ქართულად ნათქვამ “გამარჯობაზე” გვითხრეს, რომ ჩვენთან კომუნიკაცია მხოლოდ ინგლისურად ან რუსულად შეუძლიათ.
რუსული ბიზნესების უმეტესობას ქართულენოვანი თანამშრომელი საერთოდ არ ჰყავს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ენის შესახებ კანონით საქართველოში ქართულ ენაზე მომსახურება სავალდებულოა.
სადაც ჩვენ ვიყავით, ყველგან გვითხრეს, რომ მართალია ბიზნესი თვეების წინ დაიწყეს, არცერთი სახელმწიფო სტრუქტურიდან არ შეუმოწმებია აქვთ თუ არა სერვისი ქართულად. რუსული ბიზნესები რუსულენოვანი თანამშრომლებით მხოლოდ მოქალაქეებისგან თუ ისმენენ შენიშვნებს.
“ერთი კაცი იყო იყო მოსული, რომელმაც თქვა, რომ კინოთეატრების დეპარტამენტიდან იყო და აუცილებლად უნდა მქონოდა ეკრანი. ეკრანი გავაკეთე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ თბილისში არსებობს კინოთეატრების დეპარტამენტი.
ბევრი მწერს, რომ მოსწონს ჩვენი პროგრამა, იდეა, მაგრამ არ მოვა იმიტომ რომ რუსის გაკეთებულია. ვიღაცები მწერენ, რომ ქართულად უნდა შემეძლოს პასუხი, ვინაიდან რუსული ოკუპანტის ენაა – მე სპეციალურად სამ ენაზე ვწერ ყველაფერს და ფილმების ჩვენებაც სამ ენაზე მაქვს, ზუსტად იმიტომ, რომ მინდა ეს სივრცე ყველასთვის იყოს. ქართული სუბტიტრების გასაკეთებლად მე ფულს ვიხდი, შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკურად უკვე ვქმნი სამუშაო ადგილს – 200 ლარი მიჯდება ერთი ფილმის თარგმნა ქართულად. თან ქართულად გახმოვანებულ ფილმებზე ყოველთვის უფრო ცოტა მაყურებელია, ვიდრე რუსულ ან ინგლისურ სეანსებზე” – გვეუბნება ანდრეი.
თანამედროვე ქართულ კინოს იცნობ? – ვეკითხები ანდრეის. მეუბნება, რომ მხოლოდ “მანდარინები” აქვს ნანახი და მოეწონა.
“როცა აქ ჩამოვედი, მივხვდი, რომ იმ რუსულ ხომალდში ვიჯექი, რომელიც კარგი მიმართულებით არ მიდიოდა. აღარ მომინდა, რაიმე კავშირი მქონოდა რუსეთთან.
პირველ თვეებში ლექციებს ვკითხულობდი კინოზე, ვფიქრობდი რამე სამუშაო მომეძებნა, მერე ეს კინოთეატრი გავხსენი. სულ მინდოდა ასეთი სივრცე მქონოდა, სადაც მხოლოდ კინოს სანახავად ივლიდა ხალხი და არა კომუნიკაციისთვის, დისკუსიისთვის და ლექციების მოსასმენად. პატარა დანაზოგი მქონდა და იმით დავიწყე. გახსნა ცუდ დროს დაემთხვა, ზაფხულს, როცა ყველა ბათუმში იყო წასული, ზღვაზე. სექტემბერი იყო პირველი თვე, როცა რეალურად ვიმუშავე” – გვიყვება ანდრეი.
ის ფილმებს მათი ჩვენების ლიცენზიის გარეშე უჩვენებს და არ იცის, რომ ზაფხულის მიწურულს საქართველოში სახელმწიფოს მოთხოვნით რამდენიმე ყველაზე პოპულარული კინოსაიტი დახურეს.
ანდრეის კინოთეატრში ერთი ფილმის ნახვის ფასი 20 ლარია, ანუ იმაზე ძვირი, ვიდრე ჩვეულებრივ კინოთეატრში. ადგილების დაჯავშნა ინსტაგრამზეა შესაძლებელი – ინსტაგრამზე მისი კინოთეატრი ყველა ინფორმაციას სამ ენაზე აქვეყნებს, თუმცა კითხვებზე ქართულად პასუხის გაცემა არ შეუძლია. გვიყვება, რომ წელს თბილისში მის მსგავსად რუსეთიდან ჩამოსულმა სხვა ადამიანებმაც გახსნეს პატარა კინოთეატრები, ერთ-ერთი ასეთი პეტრიაშვილის ქუჩაზეა, ვერაზე. იქ ფილმების ნახვა მხოლოდ რუსულად და ინგლისურად არის შესაძლებელი და დარბაზიც უფრო პატარააო, ამბობს ანდრეი.
ათი ათასობით რუსეთის მოქალაქის ხანგრძლივად გადმოსახლებას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საფრთხედ აღიქვამს. ეს შიშები განსაკუთრებით მძაფრდება მაშინ, როცა ხედავენ, რომ რუს მიგრანტებს მასპინძელი ქვეყნის ენის სწავლა არ სჭირდებათ ადაპტაციისთვის. მაგალითად ანდრეი თვლის, რომ სინამდვილეში საქართველოს მოქალაქეებს უფრო სჭირდებათ რუსული ენის ცოდნა, ვიდრე აქ ჩამოსულ რუსულენოვან მიგრანტებს ქართულის.
“შეიძლება საქართველოსთვის არც იყოს ძალიან ჭკვიანური რუსულის განდევნა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის აქ და ეკონომიკური განზომილება აქვს ამ პროცესს, იმიტომაც რომ საქართველომ შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების კულტურულად დაბრუნება – მე ვიცი რომ ქართველებს არ სურთ აფხაზეთის და ოსეთის იარაღით და ომით დაბრუნება და თუკი მშვიდობიანად უნდა დაიბრუნოთ ეს ტერიტორიები, იქ ძირითადად რუსულად ლაპარაკობენ, ხომ უნდა შეგეძლოთ მათთან გასაგებ ენაზე ლაპარაკი?
არ შემიძლია ვილაპარაკო მათ ნაცვლად, ვინც ახლა, სექტემბრის ტალღის დროს ჩამოვიდა, მაგრამ ჩვენ, ვინც გაზაფხულზე ჩამოვედით, როცა ომი ახალი დაწყებული იყო და პოლიტიკური მოსაზრებებით დავტოვეთ რუსეთი, არანაირი “რუსკი მირის” დაბრუნება არ გვსურს. რუსეთისთვის “რუსკი მირი” იმას ნიშნავს, რომ ყველა ქაქში იჯდეს და ამის ფონზე რუსეთში არსებული სიტუაცია საშინლად არ გამოიყურებოდეს. ჩვენ ეს იდეა არ მოგვწონს” – ამბობს ანდრეი.
მისი კინოთეატრის წინ, ათონელის ქუჩის მეორე მხარეს რუსული ბარია, “Secret place”. აივანზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერია გამოფენილი, შესასვლელთან ჩამოკიდებულ სარკეზე ბლომად ანტირუსული სტიკერებია მიკრული – მისი მეპატრონეების ნაწილი ამავე სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს და რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას გამოქცეულ თანამემამულეებს იფარებს. ქართულად ვერც ერთი ვერ ლაპარაკობს, ინგლისურიც უჭირთ. ამბობენ, რომ მათ ენის ბარიერის გამო პრობლემა არ შეჰქმნიათ, ყველა წესს იცავენ, მეზობლებს ხმაურით არ აწუხებენ, ქირას დროულად იხდიან, თუმცა იციან ერთი რუსული ბარი მეზობელ უბანში, რომელიც ადგილობრივებთან კონფლიქტის გამო დაიკეტა.
“ახლა ჩვენ გვიწევს რუსული კულტურული აქტივობების გადატანა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგრამ არ მგონია, რომ ეს რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტებად უნდა მიიჩნიოთ. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილები ვართ და არ ვემხრობით ჩაკეტილი საზოგადოებების შექმნას. უბრალოდ, ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ ჩვენ ინტეგრირება მოგვეხდინა ადგილობრივებთან – 6 თვეა აქ ვარ და უკვე ვხედავ, რომ არსებობს ამის გზები და დაინტერესება აქაურების მხრიდან. ისინი ჩვენთან დადიან.
მე არ მგონია, რომ “რუსკი მირის” შიშით საზოგადოება უნდა ჩაიკეტოს. პირადად მე მადლიერი ვარ საქართველოსი, რომ მიგვიღო, რომ ისე გვეპყრობა, როგორც ადამიანებს. ჩვენი ქვეყანა ჩვენ ისე არ გვექცევა, როგორც ადამიანებს” – ამბობს ანდრეი ჩიგალეიჩიკი. ის ვერაზე, ჯანაშიას ქუჩაზე გახსნილი წიგნების მაღაზია აუდიტორიას ტექნიკური დირექტორი.
აუდიტორია წიგნების მაღაზიის გარდა ითავსებს საერთო სამუშაო სივრცის ფუნქციასაც, აქვს ბარი, საგამოფენო სივრცე, წრეები ბავშვებისთვის და მასტერკლასები ზრდასრულებისთვის. აქ შეკრებილი და მომუშავე ადამიანების უმეტესობა რუსულენოვანია. მხოლოდ ბარში მუშაობს ერთი ქართველი. ანდრეი გვიყვება, რომ აუდიტორიას ორი დამფუძნებელი ჰყავს და აქაურობის მოსაწყობად ორივემ საკმაოდ დიდი ფული დახარჯა.
ანდრეის წიგნების მაღაზიის ნულოვან სართულზე, სარდაფში ველაპარაკებით, აქ ხალხი არ არის და სიმშვიდეა. კედლებზე ანტირუსული პოსტერებია გამოკრული -1 ოქტომბერს აქ ბელარუსი დიზაინერის, პიტერ ბონკოვის გამოფენა გაიხსნა. ბონკოვი ახლა პრაღაში ცხოვრობს, აუდიტორია კი მისი პოსტერების გაყიდვით მიღებულ ფულს უკრაინელების დახმარების ფონდში რიცხავს.
აქ ერთ-ერთ პოსტერზე წერია, რუსებო, წადით სახლში. ამ წარწერას თბილისის ქუჩებშიც ბევრგან ნახავ. რამდენიმე რუს იუთუბერს ვუყურე, რომლებიც ამ და სხვა, ანტირუსული წარწერების გამო ქართულ რუსოფობიაზე წუხდნენ. რამდენიმემ ისიც თქვა, რომ ამ წარწერების და განწყობების გამო დატოვა საქართველო – ვეუბნები ანდრეის.
“ეს კონკრეტული პოსტერი იმ რუსებზეა, ვინც უკრაინაში წავიდა იმ სულელურ ომში და უკან უნდა დაბრუნდეს, რაც შეეხება თბილისში წარწერებს, მე მესმის იმ ადამიანებს, ვინც ამას წერს. მათ აქვთ უფლება, ასე გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება.
რუსოფობია მე აქ არ მინახავს, აქ ცხოვრების 8 თვის განმავლობაში ერთი კონფლიქტური სიტუაციაც კი არ მქონია, მხოლოდ მსმენია ამის შესახებ. კი უკითხავთ, რატომ არ იბრძვი შენს ქვეყანაში პუტინის წინააღმდეგ, აქ რატომ ჩამოხვედი, მაგრამ მე ყველას ველაპარაკები, ვფიქრობ რომ ნებისმიერ ქართველთან შესაძლებელია დიალოგი. ველაპარაკები და ვუხსნი ჩემს პოზიციას ყველას, იმის მიუხედავად, როგორია მათი განწყობა. ალბათ ამის გამოა რომ უკვე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს” – ამბობს ანდრეი და მიხსნის, რომ ის სხვა აქ ჩამოსული რუსებისგან იმით განსხვავდება, რომ ჯერ კიდევ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრებისას იცოდა ბევრი საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთისა და 2008 წლის ომებზე, ჰყავდა ქართველი ნაცნობები და აქაც კონკრეტული გეგმებით ჩამოვიდა და არა ალალ-ბედზე.
აუდიტორიის “სამეზობლოც” რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს აქვთ ათვისებული – ერთ მხარეს კაფეა საერთო სამუშაო სივრცით, მეორე მხარეს შემოქმედებითი სივრცე EASY ART, სადაც მუშაობაც შეიძლება, მასტერკლასებზე დასწრებაც და წვეულებების მოწყობაც.
“მე თვითონვე მინდა, რომ ეს იყოს სივრცე არა მხოლოდ რუსულენოვანი ადამიანებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ვინც ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ ეს ქუჩა “ექსპატების უბანი” გახდა, აქ ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები მოდიან სამუშაოდ, ბავშვებთან ერთად. რუსები, ბელარუსები, უკრაინელებიც, ამერიკელი და გერმანელი სტუმრებიც გვყავს ხოლმე.
გვინდა რომ აქ დადიოდნენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, რომლებიც პატარაობიდანვე ისწავლიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად დაიბადე, რა ფერის კანი გაქვს, მთავარია კარგი ადამიანი იყო და მეგობრობა შეგეძლოს. რაც საქართველოში ვარ, ბევრ რეგიონში ვიყავი და როცა ვუყურებ ხოლმე სკოლებს, ბაღებს, სულ ვფიქრობ, რა კარგი იქნება აქ არსებობდეს სივრცე, სადაც ადამიანები თავიანთ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ, უნარებს განივითარებენ – იქნებ ერთ დღეს გავმდიდრდე კიდეც და ასეთი სივრცეები რეგიონებშიც გავხსნა” – გვეუბნება ესპერანსა ასკოიანი, Easy arty-ს დამფუძნებელი.
ესპერანსა რუსეთის მოქალაქეა, მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავს, არც ერთი წვეთი სისხლი არ აქვს რუსული. დედა სომეხი ჰყავდა, მამა კონგოელი. დედა ადრე დაეღუპა, მამა არასოდეს უნახავს. ფერადი კანის გამო მოსკოვში ხშირად ჰქონდა პრობლემები სკოლაშიც და ქუჩაშიც და უნდა, რომ ეს სივრცე, რომელიც მისი პირველი ბიზნესპროექტია, ადამიანებს რაიმე ნიშნის გამო არ ზღუდავდეს.
ესპერანსა ჯერჯერობით Easy Art-ის ერთადერთი თანამშრომელია, შიგადაშიგ მეგობრები ეხმარებიან და ვინაიდან მას ინგლისურად ლაპარაკი უჭრის და ქართული არ იცის, რუსული ერთადერთი ენაა, რომელზეც გამართულად შეუძლია ლაპარაკი. თბილისში ომის დაწყებამდე გადმოსახლდა.
“…როცა რემონტს ვაკეთებდი, აქ ყველა რუსულად ლაპარაკობდა, ქართველი ხელოსნებიც, იმიტომ რომ ეს იყო ენა, რომელიც ყველას გვესმოდა – გარეთ დაგვიწერეს, რუსები მკვლელები არიანო. რა თქმა უნდა, მეწყინა. რატომ მიწერდნენ ადამიანები იმას, ვინც ომის წინააღმდეგი არიან ამას მე, როცა არც კი მიცნობენ? მე არ ვარ წინააღმდეგი, ვუპასუხო კითხვებს ომთან, რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მომწონს როცა პირდაპირ გამცირებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ გეუბნებიან წადი აქედან, იმიტომ რომ რუსი ხარ” – წუხს ესპერანსა და თან გვიხსნის, როგორი ბედნიერია თბილისში, სადაც ბევრი პარკია, ლამაზი ქუჩები და ისეთი ადამიანების პოვნაც არ არის რთული, ვინც მზადაა დაეხმაროს.
რომელ უბანში ცხოვრობ, ვეკითხები, როცა მიყვება, რომ მოსკოვში პარკამდე მეტროთი დიდხანს მიდიოდა, აქ კი ყველაფერი აქვს, რაზეც ოცნებობდა.
“ვაკეში, ვგიჟდები ვაკეზე, კარგ ფასად მოვასწარი ბინის დაქირავება, სანამ ფასები გაიზრდებოდა, სამსახურამდე ძირითად ფეხით მოვდივარ, სულ მზიურში ვარ, როცა დრო მაქვს”,- მპასუხობს და ამატებს, რომ მოსკოვში გარეუბანში ცხოვრობდა, სადაც უფრო ნათლად ჩანდა რასისტული განწყობებიც და სოციალური უთანასწორობაც.
“რუსეთი კიდევ დიდი ხანს იქნება ქვეყანა, რომელიც არ მოგვწონს. როცა რუსეთიდან აქ გადმოგვქონდა ბიზნესი უკრაინის ომის პარალელურად, მორალური დილემები არ გვქონია.
ვიცი, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი, მაგრამ როცა რუსეთი აფხაზეთში იბრძოდა, მე დაბადებულიც კი არ ვიყავი. რა თქმა უნდა, მე არ მომწონს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ვფიქრობ, ახალგაზრდა ქართველებს და ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო – რუსები მათაც არ უყვართ, მაგრამ უფრო მარტივად ესმით ჩვენი, ნაკლებად გვეკითხებიან, აქ რატომ ხართ მოსული, რატომ არ იბრძვი პუტინის წინააღმდეგ?” – გვეუბნება ალექსი. მან და მისმა მეგობრებმა ივლისის ბოლოს გახსნეს ბარი “GUTS & FAME” და ინსტაგრამზე დაწერეს, რომ ახლა უკვე საბურთალოზეც არის შესაძლებელი დილას ადრე ყავის დალევა და გემრიელად საუზმობა.
“GUTS & FAME”-ში სტუმრების და თანამშრომლების უმეტესობა რუსულენოვანია. როცა ვკითხულობ, როგორ ელაპარაკებიან მათ, ვინც მხოლოდ ქართული იცის, ეძახიან ბიჭს, რომელიც მანამდე სასმელებით სავსე ყუთებს ალაგებდა და ის გვიხსნის, რომ კვირაში 6 დღეს მუშაობს და თუ ვინმე ისეთი მოვა, ვინც არც რუსული იცის და არც ინგლისური, შეუძლია მოემსახუროს.
არ ფიქრობთ, რომ ამდენი რუსული ბიზნესი და რუსი იმიგრანტი რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტად შეიძლება იქცეთ? – ვეკითხები ალექსის.
“არა, ეს მე გასული საუკუნის 50-იანი წლების სეგრეგაციას მახსენებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, აფროამერიკელებსა და თეთრკანიან ამერიკელებს შორის არსებულ დაპირისპირებას. არ უნდა იყოს ასე, ადამიანი ადამიანია. რუსეთიდან ჩამოსულები ბარებს, სკოლებს და მაღაზიებს მხოლოდ რუსებისთვის არ ვხსნით, ყველასთვის ღიაა ჩვენი კარი” – გვეუბნება და ამატებს, რომ რასაც ის და მისი მეგობრები აკეთებენ საქართველოში, ეს არა რუსული, არამედ ქართული ბიზნესია.
“GUTS & FAME”- შიც, სხვა რუსული ბიზნესების მსგავსად, უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოებია – დროშები და სტიკერებია გამოფენილი. ალექსი ამბობს, რომ აქვთ ყუთიც, რომელშიც ფულს ყრის ყველა, ვინც ბილიარდს აგებს – ეს თანხა საბოლოოდ უკრაინის დახმარების ფონდში მიდის.
“როცა მოდიან და რუსულად ან ინგლისურად მესალმებიან, ვეუბნები, “გამარჯობა” – არ მგონია რომ რთული იყოს რამდენიმე ქართული სიტყვის სწავლა” – მეუბნება პავლე სალაგიშვილი. მის Dayshift Barbershop-ს, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლების ამერიკული ბარბერშოპის შთაგონებით არის შექმნილი, თბილისში მცხოვრები რუსების ტელეგრამის ჯგუფებში მივაგენი. პავლე ამბობს, რომ რუსული პასპორტის მიუხედავად, ქართველია. ის მოსკოვში დაიბადა, გაიზარდა და საქართველოში პანდემიის შემდეგ დაბრუნდა. თავიდან დაქირავებულად მუშაობდა სხვა ბარბერშოპში, მერე ბიზნესპარტნიორი იპოვა და თავისი საკუთარი სადალაქო გახსნა.
“რუსეთი არ არის ჩემი ქვეყანა, არც არასოდეს ყოფილა. მე მართლა მძულს რუსეთიც და რუსებიც, ამ ომამდეც მძულდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ დავიბადე და გავიზარდე. ოჯახში სულ მესმოდა, რომ ის ხარ, ვისი სისხლიც გაქვს. ჩემი მშობლები ყოველთვის პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ და ყოველთვის ვიცოდით, რასაც აკეთებდა რუსეთი ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინაში, საკუთარ მოქალაქეებთან” – ის იხსენებს, რომ 2008 წელს, ომის შემდეგ, როცა 13 წლის იყო, მის მშობლებს სკოლის დირექტორმა დაურეკა და უთხრა, წაეღოთ მისი საბუთები, პრობლემები რომ არ შეჰქმნოდა სკოლაში, როგორც რუსეთის მტერს.
“მახსოვს დედაჩემის სახე და ხმა, რომელიც ტელეფონში გაცეცხლებული იმეორებდა, კი მაგრამ, ეს ხომ პატარა ბიჭია” – ამბობს პავლე და გვიყვება, რომ საბოლოოდ მაინც მოუწია იმ სკოლიდან წამოსვლა და ახლობლების შეგროვებული ფულით კერძო სკოლაში გადასვლა.
“ამიტომაც გავხსენი ეს ბარბერშოპი, ეს არის სივრცე ეროვნებების გარეშე, სადაც უმცირესობებს და უმრავლესობას ერთნაირი უფლებები ექნებათ. თუკი რუსი ხარ და იცი, რომ შენი ქვეყანა, შენი ნაბ##ვარი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოს უქმნის საფრთხეს და თვლი, რომ როგორც ერთი ადამიანი რეჟიმს ვერ შეცვლი და აქ მართლაც შენი ცხოვრების გადასარჩენად გამოიქეცი, შეგიძლია მოხვიდე ჩვენთან და ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება, მაგრამ თუ მანქანაზე “z”-ი გაქვს დაკრული, უკრაინელებს ეძახი “Хохлы”-ს, აქ არაფერი გესაქმება.
ჩემი პრინციპია არანაირი რასიზმი, ფაშიზმი, ნაციონალიზმი, ჰომოფობია – მე რუსეთში უმცირესობას წარმოვადგენდი და არ მინდა ვინმეს მხოლოდ თავისი გვარის გამო ჰქონდეს ისეთი პრობლემები, როგორიც მე მქონდა იქ” – გვიყვება პავლე და გვაცნობს დანიელს, 21 წლის ბიჭს პეტერბურგიდან, რომელიც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გამოიქცა, მთელი დანაზოგი ლარსის საბაჟოზე გადმოსვლაში დახარჯა და რომ არა პავლე, კაცმა არ იცის სად იქნებოდა.
დანიელი ახლა Dayshift barbershop-ში მუშაობს და როცა ვეუბნებით, რომ ჟურნალისტები ვართ, შეშინებული მიყურებს.
“ნუ გეშინია, მართლა ჟურნალისტები არიან, არ დაგაბრუნებენ იმ შენ რუსეთში” – ეხუმრება პავლე.
“როცა რუსეთში ცხოვრობ, ქუჩაში ისე გეშინია პოლიციის, ადამიანებისაც კი, რომ როცა სხვა ქვეყანაში ხვდები, მერე აცნობიერებ, რომ ეს არ არის ნორმალური” – თავს იმართლებს დანიელი და გვიყვება, რომ რუსეთიდან წამოსვლაზე დიდი ხანი ფიქრობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ სხვა ქვეყანაში მეტი ფული და უკეთესი ინგლისური დაჭირდებოდა ნორმალური ცხოვრებისთვის.
დანიელის მსგავსად, საქართველოში რუსეთიდან მიგრაციის “მეორე ტალღისას” ათი ათასობით ადამიანი ჩამოვიდა – მათი უმეტესობა ჯერაც ეძებს სამსახურს, საცხოვრებელს, სხვა ქვეყანაში წასვლის გზებს – მათ ნაწილს თებერვალ-მარტში ჩამოსულები ეხმარებიან. ადრე ჩამოსულები ამბობენ, რომ ისინი, ვინც სამშობლოდან ნაწილობრივ მობილიზაციას გამოექცა თავის გადასარჩენად, ბევრად ნაკლებად ფულით და გეგმების გარეშე ჩამოვიდნენ, შესაბამისად, მათგან საკუთარი ბიზნესის გახსნას აქ ცოტა თუ მოახერხებს.
რადიო თავისუფლება