მრავალშვილიანი ოჯახი ოზურგეთიდან, რომელთა ვიდეოებს ტიკ-ტოკზე ათი ათასობით ნახვა აქვს

მარიამ მამარდაშვილსა და გიორგი შუკაკიძეს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი იცნობს. წყვილი პოპულარული ტიკ-ტოკ ვიდეოებით გახდა, რომლებსაც საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებენ და ადამიანებს ამხიარულებენ. მარიამი 28 წლისაა, მისი მეუღლე კი – 37-ის. ოზურგეთში, ზემო ნატანებში, 5 შვილთან ერთად ცხოვრობენ და ამბობენ, რომ ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, უარყოფით კომენტარებთანაც უწევთ გამკლავება:

მარიამ მამარდაშვილი:

– ვიდეოებს თავიდან გასახალისებლად ვიღებდით, მაგრამ შემდეგ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ხალხს მოეწონა, ჩვენც გაგვიხარდა და გადავწყვიტეთ, ისევ გაგვეგრძელებინა. ზოგი უზრდელურ რაღაცებს გვიწერს და გვაკრიტიკებს.

5 შვილი გვყავს. უფროსი 11 წლისაა, ყველაზე პატარა კი 2-ის. სოციალური დახმარება გვაქვს და იმით ვირჩენთ თავს. ვიდეოების შემდეგ რამდენიმე ადამიანი გამოგვეხმაურა. უფრო მეტად ემიგრანტები დაგვეხმარნენ, ბავშვებისთვის თანხა ჩაგვირიცხეს და ჩანთები, ტანსაცმელი, სხვადასხვა ნივთი შევიძინეთ. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჩაგვისვეს. სახლში წყალი ჩამოგვდიოდა და მერია გადახურვაში დაგვეხმარა. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვარჩევთ ხოლმე ვიდეოებს, ხან ერთად ვიღებთ, ხან – ცალ-ცალკე. ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ, თავისებურად ცეკვავენ და რაღაცებს იგონებენ. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ჩვენი ოჯახის მიმართ ამხელა სიყვარულს იჩენენ. ცუდი კომენტარების ავტორებსაც მადლობას ვეტყვი, რომ გვიყურებენ.

mshoblebi

გიორგი შუკაკიძე:
– ყალბ გვერდებს აკეთებენ, ჩვენი ვიდეოები მიაქვთ და ჰაკერებიც გვებრძვიან. ტიკ-ტოკზე 40 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს. მეზობლებიც ძალიან შორს ცხოვრობენ, სოფელი დაცლილია და ამიტომ გადავწყვიტეთ, ამით გაგვემხიარულებინა თავი. გვერდი ჰაკერებმა წაგვართვეს, მერე დაგვეხმარნენ ადამიანები და დავიბრუნეთ. ზოგმა შეიძლება ეს ვიდეოები და გვერდი ჩვენი სახელით გამოიყენოს და დახმარება ითხოვოს. არასდროს არ გვითქვამს ვინმესთვის, რომ დაგვეხმარნონ, მანქანა გვიყიდონ, სახლი გაგვირემონტონ ან კარ-ფანჯარა ჩაგვისვან. თავიდან სახალისოდ დავიწყეთ, მერე ხალხი რომ გამოგვეხმაურა, გავაგრძელეთ. ზოგ ვიდეოს ძალიან დიდ გამოხმაურება აქვს, მაგრამ ჰაკერები არ გვანებებენ თავს. თუ თავს დაგვანებებენ, გავაგრძელებთ ამის გაკეთებას და ისევ გავამხიარულებთ ხალხს.”

mshoblebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share