„უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს 2008 და 90-იან წლებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს სამი მნიშვნელოვანი გზავნილი გაუზიარა. მისი თქმით, აუცილებელია აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამეგობრობისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვის მოთხოვნა.
„პირველი – აუცილებელია აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს მართლმსაჯულების აღსრულებისა და სხვა მსგავსი აგრესიის მცდელობის ჩანასახშივე მოსასპობად. საქართველო არის უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი განცხადების თანაავტორი. იურიდიული ბრძოლების მოგება მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში.
მეორე – საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება აუცილებელია როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მიერ დარღვეული სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე. სხვა შემთხვევაში, რუსეთი არ შეწყვეტს სამხედრო თავგადასავლებს მეზობელ ქვეყნებსა და მის მიღმა. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარობა ყველა ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციაში გავახმოვანეთ და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. ამავე დროს, საქართველო არ დაუშვებს, რომ საკუთარი ტერიტორია და ფინანსური სისტემა გამოყენებულ იქნას 24 თებერვლის შემდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების, ძირის გამოთხრის ან თავიდან არიდების მიზნით.
და მესამე – საერთაშორისო თანამეგობრობამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა. ძალის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა მიუღებელია და მხოლოდ აზიანებს საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ წარსულში მსგავსი აგრესიის უგულებელყოფამ საერთაშორისო სისტემაში ახალი ბზარები გააჩინა, რაც უკვე გაცილებით რთული გასამკლავებელი აღმოჩნდა“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამძლეობა და გამარჯვება უსურვა და ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.