ტურნირი ჭადრაკში თებეა გორდელაძის გამარჯვებით დასრულდა
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა საკვალიფიკაციო ტურნირი V სპორტულ თანრიგზე, რომელიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. მასში იმ 16 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, რომელთაც საკმაო სათამაშო პრაქტიკისა და მიღწევების მიუხედავად, სპორტული თანრიგი არ გააჩნიათ. დადგენილი წესების შესაბამისად, ამ ტურნირში საკვალიფიკაციო ნორმატივი განისაზღვრა 7,0 შესაძლებლობიდან 4,5 და მეტი ქულის დაგროვებაზე. როგორც წესი მოჭადრაკემ დადგენილი ნორმატივი სულ მცირე, ორჯერ უნდა შეასრულოს, რათა შესაბამისი კვალიფიკაცია მოიპოვოს.
რაც შეეხება საკუთრივ ტურნირს, იგი, როგორც სპორტული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით ერთობ საინტერესო გამოდგა. მან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოზურგეთის საჭადრაკო-სპორტული სივრცე საკმაოდ ნიჭიერი და იმედის მომცემი ახალგაზრდობით ივსება. მონაწილეებმა შესამჩნევად კარგად გამოავლინეს მოჭადრაკისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და საკმაოდ ხარისხიანი პარტიებიც გაითამაშეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მისასალმებელია მწვრთნელების ნინო წიტაიშვილისა და ელგუჯა ურუშაძის მაღალკვალიფიციოური და ნაყოფიერი საქმიანობა.
ტურნირის მონაწილეთა სათამაშო დონე, შეიძლება ითქვას , ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდებოდა, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთა გამორჩევა ტურნირის შედეგებში მაინც ვლინდება. მართლაც, ჩვენ ველოდით, რომ დადგენილ ნორმატივს 5-6 მოჭადრაკე მაინც შეასრულებდა, მაგრამ ასეთი მხოლოდ სამი მოჭადრაკე აღმოჩნდა და ისიც საპრიზო, პირველი სამეულიდან.
ტურნირის საბოლაო ცხრილის სათავეში თებეა გორდელაძე მოგვევლინა, რომელმაც წელს საკმაოდ მკვეთრად აიმაღლა დონე. მან 7 დან 6 ქულა დააგროვა და საოჯახო ნადავლს, დედამისის -ლანა ლომაძის მიერ, ფოთის საერთაშორისო ტურნირში წელს აღებულ ოქროს , თავისი ოქროს მედალიც დაუმატა(!). 6 ქულა დააგროვა ნიკოლოზ მკურნალიძემაც,რომელმაც მთელი ტურნირი კარგად ჩაატარა. თუმცა მას ვერცხლზე დაყაბულება დამატებითი კრიტერიუმების გამო მოუწია. მესამე ადგილზე 5 ქულით ლაზარე წიტაიშვილი გავიდა , რომელმავ სტარტზე წაფორხილების მიუხედავად, შეძლო ძალების მოკრება და მიზანდასახულობით წარმატებასაც მიაღწია. ალბათ იშვიათი შემთვევაა ის რომ 4,5 ქულა , სამეულს მიღმა დარჩენილებიდან არავის არ აღმოაჩნდა. არადა, ნორმატივის შესრულება ნადვილად იმსახურებდა 4-4 ქულიანი გაბრიელ მჟავია და ანასტასია ხინთიბიძე, რომლებსაც არაერთხელ გამოუჩენიათ თავი წინა ტურნირებში. ასევე, 4 ქულა (ანუ, ქულების 60%), წარმატებად უნდა ჩაეთვალოს ბაქარ მახარაძეს და ალექსანდრე გურჯიძეს, რომლებმაც პირველად და წარმატებულად გააცნეს თავი ჭადრაკის გულშემატკივრებს. კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს 3,5 -3,5 ქულა (50%) ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე გიორგი გოგიტიძისა და ვაჩე გოგუაძისათვის.
საერთო ჯამში ტურნირმა კარგად ჩაირა.
როგორც ტურნირის დახურვაზე ითქვა, მიუხედავად გადატვირთული კალენდარისა, გურიის ჭადრაკის ფედერაცია, ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად, გეგმავს წლის ბოლომდე კიდევ ერთი საკვალიფიკაციო ტურნირის ორგანიზებას.
მიმოხილვა ეკუთვნის გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, ზურაბ ანღულაძეს