აშშ-ის საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ ამ განცხადებით დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია.

„სასამართლო ხელისუფლების მიმართ როდესაც მიდის კრიტიკა, ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტ მკაფიოობას. სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს. რაღაცაზე რომ ამბობს ცუდს, უნდა დააყოლო რატომ, რისთვის არის ცუდი. ჩემი აზრია ეს და უნდა თქვა, რომ სამართლებრივად არის გაუმართავი, უკანონობა დაინახეს ან რაღაც მსგავსი მოხდა. როდესაც ასე ზოგადად აკრიტიკებ, ეს პირდაპირ ურტყამს სასამართლოს და არის ძალიან ცუდი. განცხადებაში კონკრეტული არგუმენტები რომ ყოფილიყო მოყვანილი, ის უფრო მკაფიო იქნებოდა. ვეჭვობ, კონკრეტული არგუმენტი, კარგად განსწავლულ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა, არ ჰქონდათ, მით უმეტეს კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები, ამიტომ მოუწიათ ზოგადი განცხადების გაკეთება. მე კიდევ ერთი ამბავი მენიშნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ განცხადებაში, არა იმაზე იყო საუბარი, რომ დაკავებულია ობიექტური მედიის, ან მსგავსი ეპითეტი კი არ იყო გამოყენებული, არამედ საუბარია პარტიულ მედიაზე დღეს ეს ამერიკის საელჩოს განცხადებაში გამოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საუბარია მათი მხრიდან პარტიულ ანუ მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელზე, ამიტომ აშშ-ს საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ ეს არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. კრიტიკის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პარტიული მედია“, – განაცხადა მდინარაძემ.


საქართველოში აშშ-ის საელჩომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედიაპლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share