”ეს არის “გლობალური ომის პარტია”, რომლის წარმომადგენლები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში წარიმართება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კრიტიკული შესწორებების შეფასებისას განაცხადა, რომელსაც დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი განიხილავს.
როგორც კობახიძემ განმარტა, რეზოლუციის პირველადი ტექსტი დაბალანსებულია და ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა კონკრეტული „ოდიოზური ევროპარლამენტარები“ ცდილობენ „აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებების შეტანას“.
„ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება. ერთ-ერთი შესწორება, რომელიც არის ინიცირებული ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების მიერ, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ესეც არის მორიგი ნაბიჯი,რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენს საზოგადოებას აქვს საკუთარი პრიორიტეტები და ვერანაირი ასეთი მცდელობა ჩვენ ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს“,- განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, უნდა იქნას თუ არა მისი განცხადება აღქმული ისე, რომ რიგ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის მცდელობა აქვთ, ქვეყნის გარეთ საკუთარი მოკავშირეები ჰყავთ, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამგვარი რესურსი არ აქვს.
„რეალურად, “ნაცმოძრაობას“ ქვეყნის გარეთ არ ჰყავს მოკავშირეები, ეს ადამიანები არიან ერთმანეთის მოკავშირეები და გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ ამაში. რა თქმა უნდა, ისინი „ნაცმოძრაობის“ არანაირი ლობისტები არ არიან, არანაირი რესურსი „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმის, რომ მათ ასეთ დონეზე საგარეო ფლანგზე იმუშაონ. რეალურად, ისინი არიან ერთმანეთის მოკავშირეები, უფრო მეტად „ნაცმოძრაობა“ არის ამ ხალხის მოკავშირე, ვიდრე ისინი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეები, გამგები გაიგებს ამ ყველაფერს“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“. ამავე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.ამასთან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.