„დეოლიგარქიზაციის კანონი ფარსია“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს კანონი ყველას ეხება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა.
მისი თქმით, ამ მოდელს არც უკრაინაში უმუშავია.
„პარლამენტში დაიწყო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება, ასევე, ოპოზიცია ცდილობს, ეს პროცესი მიმართოს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ. ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ კანონი უნდა ეხებოდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ ოლიგარქები ძირითადად არიან ოპოზიციაში.
ეს კანონი ყველას ეხება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. პერსონიფიცირება ხდება ან ხდება პერსონალური ალიბის ჩამოყალიბება. კომიკურ, ბანალურ სახეს ატარებს ეს უშინაარსო დებატები. კანონები არ იწერება პერსონებზე მორგებით, კანონს აქვს გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი დანიშნულება და ფუნქცია. ეს კანონი კონკრეტულად არ არის იმის ინსტრუმენტი, ვიღაც იქნეს დასჯილი ან იქნეს ილუსტრირებული, მისი მთავარი ამოცანა გახლავთ დისტანცირება და გამიჯვნა ეკონომიკური ბიზნესს პროცესისა და პოლიტიკური პროცესის. უზრუნველყოფა ისეთი ვითარების, ვერცერთმა მდიდარმა ადამიანმა ვერ მოახერხოს მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა.
ამ დეფინიციიდან გამომდინარე, საერთოდ აბსურდია ოპოზიციაში ოლიგარქების ძიება. ფარსია ეს მოდელი არც უმუშავია მას და არც უკრაინელები ამბობენ, რომ ამ კანონმა რამენაირი ეფექტი მოახდინა. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მიღება არა იმისთვის, რომ ვიღაც დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ მომავალში ამ ტიპის არაჯანსაღი ინტეგრირება არ მოხდეს ფულისა და პოლიტიკის“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
გია ხუხაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევნებში და ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბებაში ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს.
„გარდა ამისა, 2 მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება პარლამენტში. ერთი გახლავთ სახალხო დამცველის არჩევნები და მეორე, ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება და შესაბამისად, მისი ხელმძღვანელის არჩევა. ვფიქრობ, ამ ინსტიტუტების ბუნებიდან, სახელმწიფოებრივი ფუნქციიდან გამომდინარე ხელისუფლება ამ პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს. ეს ორივე ინსტიტუტი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ დაიცვას მოქალაქე და მთლიანად საზოგადოება ხელისუფლების სისტემის განუკითხაობისგან. სახალხო დამცველის პირდაპირი ფუნქციაა, დაიცვას მოქალაქე ხელისუფლების როგორც ძალადობაზე მონოპოლისტის ზეგავლენისგან.
რაც შეეხება ანტიკორუფციულ სისტემას, აქაც იმავე მდგომარეობა გვაქვს. მოგეხსენებათ სახელმწიფო ბიუჯეტი არის ჩვენი გადასახადებით ფორმირებული სალარო, რომელშიც ხელის ფათურის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ“, – დასძენს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.