“ჰეი, ჩეჩნებო! როგორ შეგიძლიათ დღეს სახლებში მშვიდად ძილი” – კადიროვმა მებრძოლების გაწვევის ახალი კამპანია დაიწყო ?!

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა და მისმა დაქვემდებარებულმა პირებმა აგრესიული მედიაკამპანია იმ ადამიანთა წინააღმდეგ წამოიწყეს, ვინც უარს ამბობს უკრაინასთან ომში მოხალისედ წასვლაზე – მათ არასაკმარის სიმამაცესა და ნაკლებადრელიგიურობაში სდებენ ბრალს. როგორც კადიროვმა განაცხადა, “ნაწილობრივი მობილიზაციის” დასრულების შემდეგაც მიუვა მოსახლეობას გაწვევა, რადგან რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს “ძალოვანთა მზადყოფნა“ დაავალა.

კადიროვმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა მაშინაც, როცა ჩეჩნურმა დაჯგუფებამ უკრაინაში ბოლო პერიოდში დიდი დანაკარგი განიცადა. 24 ოქტომბერს სარაკეტო თავდასხმის შედეგად სკოლის შენობაში გამაგრებული არანაკლებ 23 “კადიროველი“ დაიღუპა.

“ჰეი, ჩეჩნებო! როგორ შეგიძლიათ დღეს სახლებში მშვიდად ძილი? თქვენი ძალიან მიკვირს. ათასობით რატომ არ იკრიბებით მეჩეთებსა და სამხედრო დანაყოფებში? თქვენ რა ხალხი ხართ? რას ეტყვით თქვენს ოჯახებს? თქვენ იმ კაცთა რიგებში ხართ, ვინც ცოლებს კვებავს, სახლში ერთი ნაჭერი პური და სიგარეტი მიაქვს. თქვენ, უბრალოდ, ჩვრები იქნებით და სხვა არაფერი“, – დაწერა პირად ტელეგრამ-არხზე რამზან კადიროვმა.

თუ უკრაინაში ომის დაწყებისას, კადიროვი ღიად საუბრობდა, რომ უამრავი ჩეჩენი მზადაა, “სამშობლო დაიცვას“, ახლა ის მოსახლეობას იმისთვის კიცხავს, რომ ომში არ მიდიან.

“ყოველ დღე უამრავი რუსი მოხალისე მოდის და სურვილს გამოთქვამს, ჩეჩნურ დანაყოფ “ახმატში“ იბრძოლონ“, – აღნიშნა კადიროვმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩეჩნეთში არსებული მებრძოლთა მომზადების სწრაფი ცენტრი – “სპეცრაზმის რუსული უნივერსიტეტი“ ყოველკვირეულად უკრაინაში 200 მომზადებულ მებრძოლს გზავნის. თუ კადიროვის სიტყვებს გავითვალისწინებთ, რესპუბლიკაში სამხედრო მომზადებისთვის იმაზე მეტი ადამიანი ჩადის, ვიდრე სპეცრაზმის გადასამზადებელი ცენტრი დაიტევს.

კადიროვი თანამემამულეებს მიმართავს, რომ მაგალითი წინაპრებისგან აიღონ და რუსეთის შეჭრა უკრაინაში წმინდა ჯიჰადად მიიჩნიონ, ვინც ამას უარყოფს ჯოჯოხეთში მოხვდება. გარდა ამისა, როგორც კადიროვი ამბობს, ასეთ ადამიანთა ლოცვაც კი არ შეისმინება.

ჩეჩენი მაღალჩინოსნები ბოლო პერიოდში “უმაქნისი ჩეჩნის“ მათ მიერ შექმნილ იმიჯს ხშირად იყენებენ იმ პირთა მიმართ, ვინც რუსულ ინტერესებს არ იცავს.

“თქვენ, შეღებილი ულვაშებით, მოტკეცილი შარვლებით, მზესუმზირის ჭამით ხმამაღლა საუბრობთ. ალაჰს ვფიცავ, შემრცხვებოდა ქუჩაში გამოსვლა, როცა ჩემი ძმები იბრძვიან და იღუპებიან. ეს სირცხვილია, თქვენ შეურაცხყოფთ ჩვენს ისტორიას. თუ დავრბუნდებით, არ მოგცემთ ქუჩაში გამოსვლის საშუალებას“, – დაემუქრა თანამემამულეებს რუსტამ აგუევი.

აგუევის მიმართვა ტელეგრამ-არხზე მინისტრმა აჰმედ დუდაევმა გამოაქვეყნა და დაამატა:

“როგორც ვიცით, ჩვენს შორის სხვა ეროვნების ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებიც ჩეჩნურად საუბრობენ. ალბათ, ეს “საგნები“ მათი რიცხვიდანაა“. (სიტყვა საგანი – хIума – ჩეჩნურ ენაზე პიროვნების შეურაცხყოფისთვის გამოიყენება – Кавказ.Реалии).

იჩკერიის მომხრეები – ფრონტზე

როგორც ცნობილია, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მობილიზაციის დასრულების მიუხედავად, ჩეჩნეთში მაინც გაგრძელდება მებრძოლთა გადამზადება და ეს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა.

Кавказ.Реалии-ს ცნობით, მოხალისეთა რიგებში იწვევენ იმ პირთა შვილებს, რომლებიც 1990-2000-იან წლებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

“იციან, რომ ისინი დამოუკიდებლობის მომხრეები არიან. სამხედრო ფორმით მიდიან მათ სახლებში და სამხედრო სამსახურში გაწვევის ცნობა მიაქვთ. ამ დღეებში გავიგე, რომ იმ ადამიანის შვილი გაიწვიეს, ვინც ჩემთან ერთად, დანაყოფში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა“, – აცხადებს გამოცემასთან გერმანიაში სეპარატისტული რესპუბლიკის – იჩკერიის წარმომადგენელი ხიზირ სულეიმანოვი.

მოგვიანებით, გამოცემა Кавказ.Реалии აღნიშნავდა, რომ ჩეჩნეთში იმ პირებს ეძებენ, ვინც მობილიზაციას აარიდა თავი, მათ შორისაა ისინი, ვინც საზღვარგარეთის პასპორტი მოითხოვა და რეგისტრაციის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. ომში, პირველ რიგში, ეს პირები მიჰყავთ.

ადამიანთა უფლებადამცველის სვეტლანა განუშკინას აზრით, მსგავსი ქმედება, რომელიც არცხვენს და შეურაცხყოფს ადამიანებს, სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ ისინი საომარ ქმედებებში ჩართონ.

“ასეთი პრიმიტიული მეთოდები რესპუბლიკის ხელმძღვანელს და მის ახლო წრეს სჩვევია. მიუხედავად ხელისუფლების უკანონო ქმედებებისა, ამას ჩეჩნეთშიც აპროტესტებენ. ყველაზე მეტად კი ქალები აპროტესტებენ, რადგან მამაკაცებისგან განსხვავებით, მათ მკაცრად არ ექცევიან“, – აღნიშნავს უფლებადამცველი.

“ხალხმა იცის, რომ ომი ავტომატითა და ტყვიამფრქვევით – ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. უკრაინაში სუპერთანამედროვე ომი მიმდინარეობს. მოწინააღმდეგე ფლობს ისეთ იარაღს, რომლის ერთი გასროლით ფეხბურთის მოედნის სიდიდის ტერიტორიას დაანგრევს. ამას კარგად ხედავენ ჩეჩნეთშიც. ვის სურს ასეთ ომში წასვლა? სწორედ ამიტომ მიდის ამდენი ხალხი საზღვარგარეთ“, – ამბობს ბელგიაში მცხოვრები ჩეჩენი რეჟისორი საიდ-მაგომედ ხაჩუკაევი.

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, აგრესიული კამპანია ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან ფრონტზე განცდილი მარცხითა და დიდი დანაკარგითაა განპირობებული.

ამ ყველაფრის პარალელურად, ჩეჩნეთში დაიწყო კამპანია, რის მიხედვითაც “მოსახლეობას უნდა განუმარტონ სპეცოპერაციის მიზანი“. ეს დავალება რელიგიურ ხელმძღვანელებს პარლამენტის სპიკერმა და რამზან კადიროვთან დაახლოებულმა პირმა, მაგომედ დაუდოვმა მისცა. ამ უკანასკნელმა რესპუბლიკის ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში ათასობით ვაკანტური ადგილია. სწორედ ამის შემდეგ რელიგიურმა წარმომადგენლებმა უამრავი პირის კანდიდატურა გაგზავნეს, რომლებიც შესაძლოა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები გახდნენ…

“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ხელმძღვანელის – ტომაშ ბარანეცის თქმით, აგრესიული კამპანია მობილიზაციის ერთ-ერთი ხერხია.

“ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში მოსახლეობა ვაჟკაცობის შერცხვენის საკითხზე ძალიან მგრძნობიარეა. საკითხი შემდეგში მდგომარეობს, როგორ გამოიყენებენ ამას. ჩვენ ვხედავთ რამდენი ახალგაზრდა გაგზავნეს ჩეჩნეთიდან ომში. ამ “სტრატეგიას“ – ვაჟკაცობის არქონით შერცხვენას – აქვს ზღვარი, სადამდე იქნება ის წარმატებული, რადგან ყველამ იცის, რამხელა დანაკარგი აქვს უკრაინაში მებრძოლ ორივე მხარეს“, – აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას ექსპერტმა.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share