მე-3 კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.3 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა – საქსტატი

2022 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2.6-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე

2022 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 2.5-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 78.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 17.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2022 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 13.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (533.2 ათასი), სომხეთის (326.0 ათასი) და თურქეთის (281.3 ათასი) მოქალაქეების მიერ

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 44.9 პროცენტს შეადგენდა.

2022 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (60.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 021.9 ათასი და 1 005.7 ათასი ვიზიტი.

2022 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 65 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 411.4 ლარი შეადგინა,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share