“ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ”. – ივანიშვილის დეპუტატები სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ეხმაურებიან და ამტკიცებენ, რომ აშშ-ს დაფინანსების “უდიდესი ნაწილი” არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე არის მიმართული, რაც, მათივე განცხადების მიხედვით, “არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, არამედ მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს”. ხალხის ძალა აცხადებს, რომ ამ მიზნით წინადადებებს უახლოეს მომავალში მოამზადებენ.
ივანიშვილის დეპუტატები ასევე ეხმაურებიან საქართველოს უკუსვლაზე გაკეთებულ განცხადებას და ამტკიცებენ, რომ “ფსევდოლიბერალების ლექსიკონის” მიხედვით, სიტყვა დამოუკიდებელი გარედან მართულის” სინონიმია.
მათივე შეფასებით, “უსამართლო რეზოლუციებით” ევროპარლამენტარები “დემოკრატიული ხელისუფლების” დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ცდილობენ – ივანიშვილის დეპუტატები რეზოლუციების ავტორებებს “ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლებს” უწოდებენ.
განცხადებაში ხალხის ძალის წევრები სხვამენ კითხვას, სჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი ევროპა, “სადაც მხოლოდ აგენტოკრატია ფასობს” – საბოლოოდ კი ასკვნიან, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა ევროპისკენ და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპაში ტრადიციული ღირებულებებისა და მართვის ტრადიციული მოდელის აღდგენაში.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც ნაცმოძრაობასთან მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეოებზე არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ.
სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების შესაბამისად არ იმართება, სრულფასოვანი სახელმწიფო არაა. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ამ ცნებებმა სრული პერვერსია განიცადა. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ყველამ იცის, რომ კონსტიტუციურად ყველაზე დიდი ძალაუფლების მატარებელი პირი – ამერიკის პრეზიდენტი სინამდვილეში სახელმწიფოს არ მართავს. ამასთან, დედამიწის ზურგზე ვერავინ იტყვის, პრეზიდენტის მაგივრად, ვინ მართავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს. დღევანდელ ამერიკულ მმართველობას რომ ხედავდნენ, ამერიკის დამფუძნებელ მამებს – ვაშინგტონს, ჯეფერსონს, ჰემილტონს ან მედისონს, ალბათ, მძიმე დეპრესია დაეუფლებოდათ. უხეში ხარვეზებით ჩატარებულ კონგრესის არჩევნებზე, რომლის შედეგების შეჯამებას კვირაზე მეტხანს მოუნდნენ, ბევრს აღარ ვისაუბრებთ.
ანალოგიური ვითარებაა ევროპაშიც, სადაც სახელმწიფოების უმრავლესობას სუვერენიტეტი არსებითად დაკარგული აქვს. დღევანდელ სამყაროში დემოკრატია ნიშნავს “აგენტოკრატიას”. ფართოდ დანერგილი მოდელის მიხედვით, ყალიბდება სამთავრობო კოალიციები, რომლებშიც პარტიების უმრავლესობა უცხოური გავლენის აგენტურას წარმოადგენს. ასეთ პირობებში კი, სამთავრობო კოალიცია არა ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ, თავიდან ბოლომდე, გარე ინტერესების გავლენის ქვეშ მოქმედებს.
ამგვარი ვითარება გვქონდა საქართველოში 2004-12 წლებში, როდესაც ხელისუფლება გარედან მართული აგენტურით იყო დაკომპლექტებული. ყველა უბედურება – ადამიანების წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მონოპოლიზება, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარება და სხვ. – არა მხოლოდ რეჟიმის უცხოელი პატრონების მდუმარე მხარდაჭერით, არამედ პირდაპირ მათი კარნახით ხდებოდა.
რადგან დემოკრატია ფსევდოლიბერალების ლექსიკონში სინამდვილეში აგენტოკრატიას ნიშნავს, დემოკრატიულ უკუსვლად ფასდება ნებისმიერი პროცესი, რომელიც აგენტოკრატიის დემოკრატიით ჩანაცვლებას განაპირობებს ან, პირიქით, რომელსაც დემოკრატია აგენტოკრატიისკენ არ მიყავს.
სწორედ ამიტომ საუბრობენ ნაცმოძრაობის უცხოელი პატრონები ორწლიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. ზუსტად ორი წლის წინ მოხდა ის, რასაც ისინი დღემდე ვერაფრით ეგუებიან – ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიგო და ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლება არ გადააბარა, ანუ დემოკრატია აგენტოკრატიით არ ჩანაცვლდა. აგენტოკრატიის აღდგენა ვერც 19 აპრილის შეთანხმებამ მოიტანა. შესაბამისად, ისინი მუდმივად გააგრძელებენ საუბარს ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე, ვიდრე საქართველოში აგენტოკრატიის აღდგენას არ მიაღწევენ.
ასევე, საინტერესოა, რომ ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა “დამოუკიდებელი” გარედან მართულის” სინონიმია. მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს გარედან მართულ სასამართლოს, დამოუკიდებელი მედია – გარედან მართულ მედიას და ა.შ. ამ მოდელის მიხედვით, სასამართლო უნდა მართონ მათ მიერ მართულმა პარტიებმა ან მათ მიერ დაფინანსებულმა ენჯეოებმა, ხოლო დამოუკიდებლად მხოლოდ ის მედია შეიძლება მოიხსენიებოდეს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების მიერ იმართება და სახელმწიფოში აგენტოკრატიის დამყარების ან გამყარების საქმეს ემსახურება.
ქართული ოცნების ლიდერები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით და ამიტომ, მოლდოვის ფონზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლობა იყო. ეს სიმართლეა, თუმცა, მთავარ სიმართლეს საზოგადოებას არც ამ შემთხვევაში ეუბნებიან. არის ერთი, გადამწყვეტი პარამეტრი, რითაც მოლდოვა “წინ უსწრებს” საქართველოს – საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვა არის აგენტოკრატია, რის გამოც მას სრულად ეპატიება დსთ-ს წევრობაც, სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც, დასავლურ სანქციებზე არმიერთებაც და აღვირახსნილი კორუფციაც. მოლდოვური აგენტოკრატიისგან განსხვავებით, ქართული დემოკრატიის ბამბაც ჩხრიალებს და ამ პირობებში, სუვერენულ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ბუნებრივია, არავინ მიანიჭებდა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, კანდიდატის სტატუსის თემა ჩვენთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული.
ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც დემოკრატიული ხელისუფლების დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ისახავს ერთადერთ მიზნად. ამ რეზოლუციების მთავრი ავტორები არიან ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლები – კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფონ კრამონი, ფოტიგა და სხვები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მათი და ნაცმოძრაობის საერთო პატრონების კარნახით მოქმედებენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება დაისვას კითხვა, სჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი ევროპა, სადაც მხოლოდ აგენტოკრატია ფასობს, ხოლო დემოკრატია თავდასხმისა და აგრესიის მთავარი ობიექტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება, ოღონდ გვჭირდება იმ ღირებულებებით, რომლებსაც ევროპა ტრადიციულად ეფუძნებოდა. საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა ევროპისკენ და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპაში ტრადიციული ღირებულებებისა და მართვის ტრადიციული მოდელის აღდგენაში. ჩვენ ვოცნებობთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორადაც ის შუმანმა, მონემ, ადენაუერმა, ჩერჩილმა და ევროკავშირის სხვა დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს”.