ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, მიხეილ სააჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის პატიმრობა უკვე რა ხანია, გასცდა სამართლებრივი სასამართლოს პრინციპებს.
”ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება, თურმე საზოგადოებაში პოლარიზაციას გამოიწვევს, რაც სრული სიყალბე და ტყუილია. დღეს ისეთი მოცემულობაა, პირიქით, საზოგადოების პოლარიზაციას იწვევს დაავადებული მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ციხეში. მისი გაშვების შემთხვევაში, უფრო მეტად დაშოშმინდება ჩვენი საზოგადოება.
თუნდაც ეს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი გამაღიზიანებელი ფაქტორი არ იარსებებს. აქ უკვე პოლიტიკას აღარ ეხება ეს საკითხი. ეს უკვე წმინდა ჰუმანიტარული, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. შესაბამისად, თუ ხელისუფლებას უნდა საზოგადოების დაწყნარება, უნდა მიიღოს ამ ტიპის განცხადება და გაუშვას სამკურნალოდ, სადაც მის განკურნებას შეძლებენ. სააკაშვილი აღარ წარმოადგენს არც პოლიტიკურ საფრთხეს, არაფრის ამრევი და დესტაბილიზაციის დამწყები და წყარო არ არის და ვეღარც არის. ფეხზე ვერ დადისო, როგორც ამბობენ და დამოუკიდებელი ქართველი და უცხოელი ექსპერტების სამედიცინო დასკვნებიც საკმაოდ მძიმეა. სამართლებრივი აქცენტიც, მისი პატიმრობაც, უკვე რა ხანია, გასცდა სამართლებრივი სასამართლოს პრინციპებს. მას ასამართლებენ მოსამართლები, რომლებიც თავის დროზე, პირადად მისი და მისი პოლიტიკური გუნდის წევრების პოლიტიკურ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ.
ამასაც თავი გავანებოთ, სააკაშვილისგან დაზარალებულების პოზიციიდან შევხედოთ. მე ვფიქრობ, მისგან დაზარალებულები, მათ შორის, პოლიტიკური ძალები, დიდი ხანია თანახმანი არიან, რომ მისი ფაქტორი მოშორდეს ქართულ პოლიტიკას და რაღაც პოზიტიური დღის წესრიგი შეიქმნას სამომავლო პოლიტიკისთვის. ვიდრე სააკაშვილი ქართულ ციხეში ზის, გზა არის დახშული და ნეგატიურ ორპოლუსიანობაში ვზივართ. დიდი ბოდიში, ყველაზე მეტად და ხმალამოღებულები ვინც იბრძვიან სააკაშვილის ციხეში დასარჩენად, მას ემსახურებოდნენ, როდესაც პრეზიდენტი იყო ან მისი რეჟიმის წინააღმდეგ ხმა არ ამიუღიათ მთელი 9 წელი, ბუჩქებში იმალებოდნენ და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვდნენ. აბა, რომლის ბრძოლა გახსენდებათ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძის, მათიკაშვილის, შალვა პაპუაშვილის, არჩილ თალაკვაძის თუ სხვების? დღეს ყველაზე მეტად ესენი ცდილობენ, სააკაშვილი ციხეში დატოვონ. ” – აცხადებს ხუხაშვილი.