„მიხეილ სააკაშვილი ჩვენი თანამედროვე ისტორიის ნაწილია, მასზე საუბარი ვერ დასრულდება“, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და ამის არდანახვა სიბეცეა.
„მართლა ძალიან დამძიმებულია ვითარება. რადგან გარისკეს და ჩანიშნეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, იქნებ მიხვდნენ, რომ ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. კატასტროფული ვითარებაა და ამის არდანახვა სიბეცეა.
8 აგვისტოს ისტორიული ფაქტი შედგა, რუსის ჩექმა თბილისში ვერ შემოვიდა. მიხეილ სააკაშვილი ჩვენი თანამედროვე ისტორიის ნაწილია, მასზე საუბარი ვერ დასრულდება. რაც არ უნდა შეცდომებზე ვისაუბროთ, ვერც მის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ვერ უარყოფენ. რომელ აქტიურ პოლიტიკოსობაზეა საუბარი, ადამიანი კვდება! რომ გაჩერდება მისი [სააკაშვილის] გული, პუტინი მაშინ დაწყნარდება. პუტინი დაწყნარდება მაშინ, როდესაც ყველა ვაჟკაცი, ვინც მას ეწინააღმდეგება, ერთ მშვენიერ დღეს გარდაიცვლება და ეს იქნება ჯოჯოხეთის გამარჯვება დედამიწაზე“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.