აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხს ვივამედის ექიმები აგებენ:
”რა მიზეზიც არ უნდა მოიყვანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა თავის გასამართლებლად, პატიმარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფა მთლიანად და უპირობოდ მათი პასუხისმგებლობა იქნება.
ასევე ცხადია ისიც, რომ პენიტენციური სამსახური პასუხისმგებლობას დააკისრებს უშუალო მკურნალ ექიმებს “ვივამედის” კლინიკიდან. “ვივამედის” კლინიკის ექიმები მხრებს აიჩეჩენ და პასუხისმგებლობას დააკისრებენ სხვადასხვა კომისიათა ექსპერტებს, რომლებმაც ნათლად და გასაგებად ვერ დააფიქსირეს პაციენტის უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობა. ქართველი ექსპერტები იტყვიან, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა ვერ დაასახელეს კონკრეტულად რა დიაგნოზები აქვს პაციენტს და რა ისეთი კვლევები სჭირდება, რომლებსაც საქართველოში ვერ ჩაატარებენ. საერთაშორისო ექსპერტები იტყვიან, რომ პაციენტის კლინიკური მდგომარეობის პროგრესული გაუარესება და არაკომპეტენტური მკურნალობა იძლევა იმ საფუძვლიანი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ საქართველოში აზრზე არ არიან როგორ მიხედონ პატიმარ პრეზიდენტს და ამიტომ იყო მისი გადაყვანა საჭირო უცხოურ კლინიკაში..
დაახლოებით ასე განვითარდება მოვლენები, თუ და როცა “ურემი გადაბრუნდება”.
საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტები ამ საქმის პოლიტიკურ და იურიდიულ ასპექტებს არ და ვერ შეეხებიან; სამაგიეროდ, უყოყმანოდ დაადასტურებენ ქართველი კოლეგების არაკომპეტენტურობას, რომლებიც პაციენტის მხოლოდ სიმპტომატურ მკურნალობას ცდილობდნენ, ისიც უხარისხოდ და არცერთხელ უცდიათ მთავარი დიაგნოზის დასმა; დიაგნოზის, რომელმაც გამოიწვია პაციენტის პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირების მკვეთრი მოშლა.
ასე რომ, საბოლოოდ თქვენზე გადატყდება ჯოხი, კოლეგებო და გარკვეულწილად სამართლიანადაც.” – წერს გურული.