“თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს სერვისს…საზღვარგარეთ მიიღებს?…ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე….რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება?”-ოხანაშვილი სააკაშვილზე

არავინ არავისზე პასუხისმგებლობის გადატანას არ ცდილობს, არავის არავითარი პასუხისმგებლობა არავისზე გადასატანი არ აქვს – თუკი პატიმარი სერვისს არ იღებს, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის ის მის ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ოხანაშვილის შეფასებით, სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია.

„მას სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ, სასჯელაღსრულების დაწესებულება, ყველა შესაბამისი ორგანო ჩართულია, რომ ყველა სერვისი მიეწოდოს, რაც მას სჭირდება, მაგრამ ისმის მეორე საკითხი – თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს სერვისს, მაშინ რა უნდა გაკეთდეს, ან საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს? ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება და აქ საჭირო სერვისს ვერ სთავაზობენ. მე ამ კითხვებზე პასუხი არ მომისმენია. ეს არის სამწუხარო ახირება, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, მისი პარტიის წარმომადგენლებისგან უფრო შესაძლოა, ვიდრე მისი მხრიდან, გახსოვთ, რომ ეს ადამიანი თვითონ ამბობდა რომ ეჭვი არ აქვს მოწამვლასთან დაკავშირებით.

თუკი პატიმარი სერვისს არ იღებს, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის ის მის ჯანმრთელობაზე და იძულების წესით რაიმე მექანიზმი რომ სერვისი შესთავაზონ, არ არის. არავინ არავისზე პასუხისმგებლობის გადატანას არ ცდილობს, არავის არავისზე არავითარი პასუხისმგებლობა გადასატანი არ აქვს. ყველა სახელმწიფო უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე, 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება ამ პატიმარს ყველა ის სერვისი რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის. ის არის პრივილეგირებული პატიმარი, ეს ფაქტია, თუ ჭირდება მის ჯანმრთელობას სამედიცინო სერვისი უნდა მიეწოდოს, ყველა პატიმარს უნდა მიეწოდოს, თუმცა ეს ადამიანი გახლავთ კიდევ უფრო მეტად პრივილეგირებული, ის არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არის სამედიცინო დაწესებულებაში და რადგან მისი ჯანმრთელობა არის პრიორიტეტული ყველა შესაბამისი უწყებისთვის, ხდება მისთვის სერვისების მიწოდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share