“დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან, იმის ლანდია, რასაც ფოტოებზე ხედავთ” – ეს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას შეფასებაა მიხეილ სააკაშვილის ფოტოებზე, რომელიც კლინიკა “ვივა მედში” 29 აგვისტოსაა გადაღებული. როგორ გამოიყურებოდა მესამე პრეზიდენტი 3 თვის წინ, რამდენიმე ფოტო ტელეკომპანია “ფორმულამ” გუშინ გაავრცელა. მოგვიანებით “შაბათის ფორმულამ” ინფორმაცია დააზუსტა და სურათების გადაღების ზუსტი თარიღი გამოაქვეყნა. 29 აგვისტო, დაახლოებით დღის 2 საათი.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, ექიმების, სახალხოს დამცველის კონსილიუმისა თუ ადვოკატების ინფორმაციით, მასალა არანაირად არ ასახავს დღევანდელ რეალობას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად ოქტომბრიდან დამძიმდა. წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო და სახალხო დამცველის კონსილიუმის 4 დეკემბრის მონაცემებით – 73 კილოგრამს იწონიდა. ეს მაშინ, როდესაც ვივა მედის კლინიკაში 116 კილოგრამი შევიდა და ბოლო 6 თვეში 43-მ კილოგრამიანი წონის კლება აქვს, უჭირს გადაადგილება და თვეებია ცხელება აქვს, რასაც ემატება ამერიკელი ექსპერტების სკანდალური ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამლულია. მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები – ვერცხლისწყალი და დარიშხანი.
ახლა ყველა 14 დეკემბერს ელოდება. სწორედ ოთხშაბათს, საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა გადაწყვიტოს, გაუშვებენ თუ არა მესამე პრეზიდენტს მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი