მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი დაკავების შემდეგ მოწამლეს.
მისი თქმით, სააკაშვილმა დაკავებამდე სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რომლის შედეგების მიხედვითაც იგი სრულიად ჯანმრთელი იყო.
„ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს არ მომხდარა მის ციხეში შესვლამდე. შემოწმებული იყო 2-3 კვირით ადრე, წლიური შემოწმება გაიარა და იყო სრულიად ჯანმრთელი. ამ პირობებში, ციხის თუ ციხის საავადმყოფოს, თუ შემდგომ გორის, შემდგომ „ვივამედის“ და ასე შემდეგ, ამ პირობებში მოხდა ეს. შესაძლოა, ვერცხლისწყალი ორგანიზმში სხვადასხვა კომერციული საგნებისგან მოხვდეს ორგანიზმში, მაგრამ სხვა ნივთიერებები, მაგალითად დარიშხანი, ორგანიზმში შემთხვევით არ ხვდებიან, აქედან გამომდინარე ეს არის ხელოვნურად შეტანილი. დაადგინონ სპეციალისტებმა, სასამართლომ, სახელმწიფომ, რა მოხდა. ასეთ დროს ყველა სახელმწიფო იწყებს გამოძიებას ფაქტზე“, – განაცხადა თემურ ალასანიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.