ზოგიერთი ერის ისტორიაში არის საოცარი ტრადიციები, რომლებიც დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებულია. ერთ–ერთი ასეთი ტრადიცია არსებობს ბოსნიაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ადრეული ასაკიდან ბიჭებს და გოგოებს „მარკირებას“ უკეთებდნენ. გასული საუკუნის შუა ხანებში ეს რიტუალი თითქმის გაქრა, მაგრამ დღეს მეორე სიცოცხლეს გადის.
უძველესი ტრადიცია
ათასობით წლის განმავლობაში ხორვატიელი ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ახლანდელ ბოსნია და ჰერცეგოვინაში, თავიანთ ქალიშვილებს, ზოგჯერ კი ვაჟებს სხეულზე ტატუებს უკეთებდნენ.
ამ მიზნით იყენებდნენ საკერავ ნემსებს და ბუნებრივი მასალის ნარევს, რომელიც შედგებოდა ნახშირის, ნერწყვის, თაფლის, დედის რძისა და ზოგიერთი ხის წვენისგან. ძირითადად, ტატუებით ფარავდნენ ხელებს, ზოგჯერ გულმკერდსა და შუბლს. ეს ტრადიცია თითქმის 4000 წლის წინ დაიწყო.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, უცნობია, რა დანიშნულება ჰქონდა ტატუირებას ამ რეგიონის ტომებს შორის ბრინჯაოს ხანაში, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ეს დაკავშირებულია რელიგიურ ტრადიციებთან ან სოციალური სტატუსის აღნიშვნასთან.
ტატუ, როგორც დაცვის საშუალება და თვითიდენტიფიკაციის გამოხატულება
მე–15-16 საუკუნიდან დაწყებული ტატუირებას უფრო მკაფიო ახსნა აქვს. ამ პერიოდში ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე ოსმალეთის იმპერიის მიერ ძალადობრივი ისლამიზაცია მოხდა. ამ დროს თურქები მასიურად იტაცებდნენ ქრისტიანულ ოჯახებს და აგზავნიდნენ თავიანთ მიწებზე.
ბიჭებიდან მეომრებს ზრდიდნენ, რომლებიც მოგვიანებით იანიჩარები ხდებოდნენ. ქალებს მონებად აქცევდნენ. ზოგჯერ ოსმალები ცოლად ითხოვდნენ ან გოგონას გათხოვების შემთხვევაში პირველი ღამის უფლებით სარგებლობდნენ.
ბუნებრივია, დედები შვილების დაცვას მაქსიმალურად ცდილობდნენ. ბიჭებსა და გოგოებს ხელებზე ტატუებს უკეთებდნენ, რომ ზრდასრულ ასაკში უცხო მიწაზე სამშობლო, ქრისტიანული ფესვები არ დაევიწყებინათ. რაც შეეხება გოგოებს, შუბლსა და მთელ სხეულზე ტატუების მოხატვით თავის დამახინჯებას ცდილობდნენ, რომ თურქებს მათთვის არ შეეხედათ.
რეგიონში ისლამიზაციის მზარდი ზეწოლისა და იძულებითი მიგრაციის პირობებში, ქალები მთელ სხეულს ფარავდნენ ჯვრებისგან შემდგარი სხვადასხვა ნიმუშებით, რომ ისინი ამულეტებად გამოეყენებინათ. ასე ოსმალებისგან საკუთარი თავის და შვილების გადარჩენის იმედი ჰქონდათ. მაშინ ტატუები ქრისტიანობის, ხორვატი ხალხის თვითგამოხატვის, მათი კულტურის და თვითიდენტიფიკაციის სიმბოლო გახდა.
ტრადიციის აღორძინება
ყველა ტატუ მხოლოდ ქრისტიანულ მოტივებს არ მოიცავდა. ხშირად ჯვრები იყო ორნამენტის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ილირიელებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა უძველეს სიმბოლოებში შედის. ყველაზე ხშირად, ტატუებს 3-დან 18 წლამდე გოგონებს ხელებზე უკეთებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ასეთი ტატუები ბოსნიაში თითქმის ყველა ქრისტიანი ქალის სხეულს ამშვენებდა.
ტატუირების ტრადიცია გასული საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი დავიწყება დაიწყეს. 21-ე საუკუნეში სხეულზე მსგავსი მოხატულობისადმი ინტერესი კვლავ გაჩნდა, რასაც მხარს უჭერენ ისტორიკოსები და მხატვრები. მათთვის ამ თითქმის დაკარგული ხელოვნების პოპულარიზაცია არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, ასევე იდენტობის ხაზგასმის საშუალება.
https://intermedia.ge/