ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 9 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში.
შეჯიბრში მონაწილეობას 18 მოჭადრაკე იღებდა.
პარტიები საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.
ორი ტურის შემდეგ აშკარა იყო, რომ ჩემპიონობისათვის ბრძოლა, ამ ტიტულის არაერთგზის მფლობელებს გიორგი გოგოლაურს, დავით ცეცხლაძესა და გივი სიამაშვილს შორის გაჩაღდებოდა ,რომლებიც 2-2 ქულით ლიდერობენ.ასეც მოხდა ჩემპიონატზე პირველი ადგილი
დავით ცეცხლაძეს, მეორე გივი სიამაშვილს, ხოლო მესამე გიორგი გოგოლაურს ერგო.
სამწუხაროდ ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ შეძლო მუნიციპალიტეტის შარშანდელმა ჩემპიონმა, ახალგაზრდა მოჭადრაკემ , თენგიზ თოიძემ, რომელიც ამჟამად თბილისში სწავლობს.
ჩემპიონატში უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად, სასკოლო ასაკის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. მოჭადრაკეები, რომლებმაც წარმატებული შედეგებით წელს თავი გამოიჩინეს.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდა. თითოეულ მოჭადრაკეს, პარტიაზე ერთსაათიანი დროის რეგლამენტით.
საჭადრაკო ჩემპიონატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა. მუნიციპალურ პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს, ასევე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს მედლები, სიგელები, ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ასევე დაჯილდოვდნენ წარმატებული მწვრთნელები.
საჭადრაკო ღონისძიებას გურიის გუბერნატორის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, გულშემატკივრები დაესწრნენ.
,, ჩვენთვის პრიორიტეტული სპორტის სახეობაა ჭადრაკი. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას ვესწრები. აქვე ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას გავაჟღერებ, მომავალი წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის დაფინანსება 10 000 ლარით გაიზრდება” – დავით დარჩია
მუნიციპალური ჩემპიონატის შედეგებით გურიის 27-ე რეგიონალური ჩემპიონატის საგზურის მფლობელები გამოვლინდნენ. რომელიც 25 – 29 დეკემბერს, გურიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.