საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
დასკვნით ეტაპზეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სადარბაზოს კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჯუმათში მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შუხუთიდან სოფელ გაგურის ცენტრამდე 8 კილომეტრიანი გზის მოწყობის სამუშაოები.
,, გურიის რეგიონში დავათვალიერეთ მიმდინარე პროექტები. წელს სხვადასხვა ფონდიდან: როგორებიცაა რეგფონდი, მთის ფონდი, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონდი, სოფლის განვითარების პროგრამა, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან, ჯამურად, გურიის რეგიონში მოხდა, დაახლოებით, 42 მილიონი ლარის მოზიდვა და განხორციელდა სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის 375 პროექტი. თითოეული პროექტი დაწყებული გზებით, ბაღები, სკვერები, კულტურული თუ სპორტული ინფრასტრუქტურით მთლიანად მორგებულია მოსახლეობის მოთხოვნებზე. დარწმუნებული ვარ 2023 წელიც არ იქნება ნაკლები თავისი მასშტაბით გურიისთვის,”- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
,,მოვინახულეთ გურიის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაშია და ხორციელდება დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით,”- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.