“რა გზაც დამრჩა, ისე ვივლი, როგორც საჭიროა, მყარად” – არჩილ ხოფერიას ისტორია

ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში ერთ-ერთი სახლის შესასვლელთან საქართველოსა და უკრაინის დროშები ფრიალებს – ეს არჩილ ხოფერიას სახლია, ადგილი, რომელიც ბევრ ისტორიას ინახავს, აქამდე, ალბათ, არაერთხელ გაგონილს თუ უცნობს. ჩვენც ამ ისტორიების მოსასმენად ჩავედით იქ, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ, უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერია ბოლო გზაზე გააცილეს.

სოფელში ჩასულებს არჩილ ხოფერია მარტო შეგვეგება და თავის ბავშვობის სახლში შეგვიპატიჟა. 17 წლამდე აქ ცხოვრობდა, მერე ხან დედაქალაქში იყო, ხან ციმბირში და ყველგან, სადაც ჟამი მოისროდა. თბილისიდან ჩასულები რომ დაგვიგულა, ამ მძიმე წუთებშიც კი პირველი იმაზე გამოთქვა წუხილი, რომ გურული სტუმარმასპინძლობით ვერ შეგვეგება.

“გურიაში სხვანაირად ხვდებიან, მაგრამ…” – სიტყვა გაუწყდა, თუმცა თავისი სათქმელი ამ რამდენიმე ფრაზაში მაინც ჩაატია. ასე დავიწყეთ საუბარი. შესვლისთანავე ჩვენი ყურადღება ნახატმა მიიპყრო, მაგრამ არავის გვეგონა, რომ ამ სახლის მსგავსად, ისტორია მასშიც იყო შემონახული. იქ აფხაზეთის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდია გამოსახული – დღე, როცა არჩილის ძმა, ჯამბულატი პირველად დაიჭრა.

ვახო ქარელი / ფორმულა

არჩილი ბრძოლის ველზე 26 წლისა აღმოჩნდა. მართალია, პროფესიონალი სამხედრო არ ყოფილა, მაგრამ თავიდანვე ცდილობდა, სამხედრო გამოცდილება მიეღო და ავღანეთში წასულიყო. ეს, მაინცდამაინც, არ დასცალდა – ამბობს, რომ დიდი ისტორიული და სახელმწიფოებრივი წარსულის მქონე ქართველი, რუსისთვის მაშინაც საფრთხეს წარმოადგენდა და ყველანაირად ცდილობდნენ, საბრძოლო ნაწილებში ქართველების ნაკლებობა ყოფილიყო.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაგრაში ძმასთან ერთად იბრძოდა. იქ იყვნენ მისი მეგობრები, სკოლელები და მისთვის უცნობი ადამიანები – ხალხი, რომელსაც სპეციალური წვრთნაც არ ჰქონდა გავლილი, პირდაპირ მიდიოდნენ შრომითი ადგილებიდან, ზოგი ტყიდან, ზოგი ჭალიდან, ზოგი სახლიდან. ფაქტობრივად, უიარაღოდ იბრძოდნენ. არჩილ ხოფერია იხსენებს, რომ ყველაფერი რაც ჰქონდათ, მტერს წაართვეს.

სანამ ომში წავიდოდა, მისი ძმა, ჯამბულატ ხოფერია ვეტმომსახურების მანქანაზე მძღოლად მუშაობდა. პარალელურად, მხედრიონში იყო. ის ტყვარჩელზე სადესანტო ოპერაციის დროს დაიღუპა, ერთადერთი იყო, ვინც მაშინ ოკუპანტებმა მოკლეს. თუმცა ის მანამდეც მძიმედ იყო დაჭრილი – ხელი არ უვარგოდა, ორგან ჰქონდა გადამტვრეული და თაბაშირში ედო.

“კაცს მხოლოდ ტყვია არ კლავს, კაცს სირცხვილიც კლავს” – ამ ცნობილ ფრაზას ის სწორედ მაშინ ამბობს. დღეს, წლების შემდეგაც იმავე აზრზეა, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს, თავისი ნათქვამი განმარტოს, რადგან ფიქრობს, რომ ბევრმა ვერ გაიგო, სინდისს როცა კარგავს ადამიანი, რატომ კვდება.

“თუ შენ უარს ამბობ, დაიცვა შენი საცხოვრისი, დაიცვა შენები, თუ შენ პირდაპირ მიდიხარ თანამშრომლობაზე მტერთან, უარს ამბობ შენს თვითმყოფადობაზე, შენს მეზე – ესაა სინდისის დაკარგვა, მორჩა, შენ ადამიანი აღარ ხარ”.

“ახლა მე კი ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემს გულში ვინ იცის, რა ტრიალებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დასანახად, მტრები რომ არ გავახაროთ, პირველ რიგში და ხალხმა რომ იცხოვროს”.

“მტერი ჩვენს დაცემას ნახავს მარტო ერთხელ, ახლა როგორც ხარობენ ვიღაცები ჩემი შვილის სიკვდილით, გარე მტრები, შიგნით ვიღაცები – ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც – ის ხალხი, ვინც ხარობს ჩემი შვილის სიკვდილით, ეგ არის ერთადერთი, ასე გაიხარებენ, როცა მე დავეცემი ერთადერთხელ”.

ვახო ქარელი / ფორმულა

“ძნელია ასე ცხოვრება, მაგრამ არის მეორეც, არის საამაყო. შენ ამაყი ხარ, რომ შენი მარჯვენა ემსახურება შენს ხალხს, შენს ერს. ასე იყო ყოველთვის, სანამ ჩვენ გვაქვს ამის ჟინი ქართველებს და გვაქვს უნარი ვშვათ ეგეთი ხალხი, გვაქვს უნარი, ხომ ხედავთ, დღესაც რამდენი ქართველი იბრძვის”.

“ხომ შემოხვედით ჩემთან, ხომ ნახეთ ქვითკირის ღობე, როგორც ქვები ალაგია იმაში, ისე ალაგია საქართველოს საფუძველში მეომრები ჩაწყობილი”.

ფიქრობს, რომ ახლა მძიმე მდგომარეობაში ვართ და როგორც პატარა ერს, საკუთარი თავების დასაცავად ძალისხმევის გაორმაგება გვმართებს – ყველაზე მნიშვნელოვნადაც ის მიაჩნია, რომ ჩვენს მიწაზე მყარად ვიდგეთ.

“თუ არ ვიქნებით ჭკუით, გაგვანადგურებენ და თუ მტერს არ ეცოდინება, რომ თუ აქ მოვა, ყველა შეაკვდება. მე უფრო მეტსაც ვიტყვი, მტერმა უნდა იცოდეს საერთოდ, თუ აქ ქართველები არ იცხოვრებენ, ჩვენ ისე უნდა ვქნათ, რომ აქ ვერავინ ვერ იცხოვროს მინიმუმ ათასი წელი.

თუ ჩვენ მოსპობას დაგვიპირებენ და დავდგებით არჩევანის წინაშე, რა უნდა ვქნათ? ასე უნდა ვქნათ, რომ აქ ვერავინ ვეღარ იცხოვროს, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით. თუ დადგება ასეთი საკითხი, თუ ჩვენს ფიზიკურ განადგურებაზე მიდგა საქმე, ასე უნდა ვქნათ.

ამას ვერ ვიზამთ ახლა ცარიელი ხელებით, თუ დადგება ეგზისტენციალური საკითხი, რომ ჩვენ საერთოდ ვარსებობდეთ დედამიწაზე. მაგრამ მანამდე მტერი უნდა ვაზარალოთ მძიმედ, ამისთვის ჩვენ არ გვაქვს მზაობა ჯერ არაფრისთვის”.

ვახო ქარელი / ფორმულა

“გვებრძვიან, ჯერ კიდევ ვაშინებთ ვიღაცებს, მიუხედავად ჩვენი ასეთი დამცრობისა, მაინც ჯერ კიდევ ეშინიათ ჩვენი და იმიტომ ცდილობენ ჩვენს განადგურებას”.

ამ სულისკვეთებით ზრდიდა საკუთარ შვილს, ჯამბულატ ხოფერიასაც, რომელსაც უკრაინამდე საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა როგორც კი ომი დაიწყო, რამდენიმე დღეში უკვე კიევში იმყოფებოდა. შვილისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან სჯერა, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი გზა თავად უნდა გაიკვალოს და ისე უნდა მოიქცეს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს.

“შეიძლება, უფრო მეტი ექნა, ვერ ქნა, არ ქნა. მაგრამ რაც ქნა, ვფიქრობ, რომ საკმარისად ქნა, 25 წლის ასაკში ნაპოლეონი, მაგალითად, გენერალი გახდა. კორსიკაზე რომ დარჩენილიყო, არავინ არ იქნებოდა – იმპერატორი რომ გახდე, უნდა ჩახვიდე რომში. ასე ხდება, პატარა ერის შვილებს მაინც ათჯერ მეტი გაქვს გასაკეთებელი ვიდრე სხვას, რომ სადმე თავი გამოვიჩინოთ. 

მეც ვთვლი, რომ ჩემმა შვილმა იარა მტკიცედ, სადაც დადიოდა, მთავარი ეგაა. მთავარი არაა რამდენს ივლი, მთავარია როგორ ივლი, სადაც დადიხარ, იქ უნდა იყო მტკიცედ. ყველა ხომ ვერ იქნება და არცაა საჭირო, ყველა ერთნაირად ცხოვრობდეს”.

მძიმე პაუზებს აკეთებს, როცა შვილზე გვიყვება, თუმცა საუბარს მაინც აგრძელებს, მართალია ხმა ახლა ბევრად უფრო დამწუხრებული აქვს, მაგრამ იცის, რა მნიშვნელოვანია ეს ისტორია თაობებს დარჩეს. გვაჩვენებს ჯამბულატის მიერ ხერსონში დრონით გადაღებულ კადრებსაც. გვაჩვენებს, რადგან იმ ვიდეოში ჯამბულატი თავად ჩანს. როცა სახლში ვესტუმრეთ, შვილის ლეპტოპი ახალგახსნილი ჰქონდა – ნება დაგვრთო ეს ვიდეო წამოგვეღო.

გვიყვება იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ქართული ლეგიონის სპეცოპერაციების რაზმმა ერთ-ერთი ოპერაცია ჯამბულატ ხოფერიას და უკრაინაში დაღუპულ ყველა ქართველ სამხედროს მიუძღვნა. ამ ვიდეოსაც ვუყურებთ, ოღონდ დაწყებამდე მაფრთხილებს, რომ მძიმე კადრებია – ვიდეოში განადგურებული ოკუპანტები არიან, მათ წინააღმდეგ ლეგიონმა ჩვენი მებრძოლების სახელზე იძია შური. შემდეგ არჩილ ხოფერია ოთახში მყოფი ყველა ჩვენგანის აზრს ახმოვანებს – “მტერმა ხომ უნდა იცოდეს, რომ ვარსებობთ?”.

“მაშინ, როცა მტერმა დაგვიპყრო, თითქოსდა ჩვენი დაცვა აიღო საკუთარ თავზე, თითქოს თავისად ჩაგვთვალა, თითქოს გვიცავდა და ამასობაში მის ომში გვერეკებოდა, უნარ-ჩვევები წაგვართვა”.

 

ვახო ქარელი / ფორმულა

არ არის არც პროფესიონალი სამხედრო და მიუხედავად წერის სიყვარულისა, არც პროფესიონალი მწერალი. მიყვება, რომ პროფესიონალურად თამაშობდა პოკერს, თუმცა მისთვის ამ გზის არჩევასაც თავისი მიზეზები ჰქონდა – ასე არავისზე არ იყო დამოკიდებული.

“ვიღაცაზე სულ ხარ დამოკიდებული, ვიღაცას კუდი უნდა გაუქიცინო, ვიღაცას თავი უნდა დაუხარო და ასე შემდეგ. სახელმწიფო სამსახურში ხარ, სტრუქტურაში ხარ და მისჩერებიხარ ამ შენს ხელფასს და უფრთხილდები ამას თვალის ჩინივით… ვალდებულებები გაქვს და უნდა იყო ჩუმად, უნდა შეეგუო ამ ყველაფერს, რაც არ მოგწონს. დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოსწონს რაც ხდება, მაგრამ იძულებულია, სხვაგან წასასვლელი არ აქვს.

ან უნდა წავიდეს, როგორც ტოვებენ ახლა საქართველოს ქართველები, ასე სადღაც უნდა წავიდეს და ამ არჩევანიდან დამრჩა ერთი – აქ არავისზე არხარ დამოკიდებული, ცოტათი ომსაც ჰგავს პოკერი, ღირსებასაც იცავ შენს, იმიტომ, რომ იქ ყველაფერს პასუხი უნდა გასცე, წაგებას, მოგებას და ასე შემდეგ, ჰოდა ასე ვიყავი, ვთამაშობდი პოკერს მთელი ეს წლები, არავისზე არ ვიყავი დამოკიდებული”.

“ახლა არ ვიცი, როგორ წავა ჩემი ცხოვრება, ძველი ცხოვრებით, ალბათ, ვეღარ ვიცხოვრებ. თუმცა რა გზაც დამრჩა, იმ გზაზე ისე ვივლი, როგორც საჭიროა, მყარად, როგორც აქამდე დავდიოდი”.

ხშირად წერს – რაზეც მოგვითხრობს, უპირველეს ყოვლისა, თავად აწუხებს, თუმცა უნდა, რომ ეს სხვებმაც გაიზიარონ. რა თქმა უნდა, ისიც ესმის, რომ მის ნათქვამს მოწინააღმდეგეც ეყოლება, მაგრამ ეს არ აწუხებს, რადგან მიაჩნია, რომ შეცდომების მიუხედავად, ძირითადად მაინც ყოველთვის სიკეთის მხარეს იდგა. წერის დროს იგონებს საკუთარ თანამებრძოლებს, ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს, ზოგჯერ ფიქრობს, რომ ეს საჭიროა, ხან კი სჯერა, რომ ერთი ადამიანიც თუ წაიკითხავს და გაიგებს, ესეც ბევრს ნიშნავს:

“ვცოცხლობთ – საქართველოსთვის, ვიბრძვით – საქართველოსთვის და თუ ვიღუპებით იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ”.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share