რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ნაცვლად ომი ახსენა. სიტყვა, რომელიც რუსეთში აკრძალულია, თავად რუსეთის პრეზიდენტს წამოსცდა. მან უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ რუსეთის მიზანი არ სამხედრო კონფლიქტის გაღვივება, არამედ პირიქით ამ ომის დასრულებაა, თან რაც შეიძლება მალე.
“ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის ეს ბორბლი დავატრიალოდ, არამედ ამ ომის დასრულება. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და გავაგრძელებთ… ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დასრულდეს. და რაც მალე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა”, – განაცხადა პუტინმა.
ამის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის “სმოლნინსკოეს” მუნიციპალურმა დეპუტატმა ნიკიტა იუფერევმა მიმართა გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით.
იუფერევი ითხოვს მოსკოვში 21 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის გამოსვლის შემოწმებას, რომლის დროსაც მან წარმოთქვა სიტყვა „ომი“. ის ამბობს, რომ საქმე რუსეთის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების კუთხით უნდა აღიძრას.
“ომის შესახებ ასეთი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გასამართლებული“, – განმარტა იუფერევმა.