Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 21 მარტს რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ შეძლეს. ოკუპანტები კიევის ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქის დაბომბვას აგრძელებდნენ. თუმცა, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებს ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. ოკუპანტებმა მარიუპოლში ნელი წინსვლა განაგრძეს. ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რამდენიმე წარუმატებელი შეტევა განახორციელეს, თუმცა ხერსონის გარშემო თავდასხმითი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ.
ძირითადი დასკვნები:
- რუსეთის ძალებს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, შეტევითი სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ და თავდაცვითი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერეს.
- ოკუპანტებს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ და ლოჯისტიკური პრობლემები ვერ გადაჭრეს.
- რუსული ძალები ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევენ წინ და მარიუპოლში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობენ.
- ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.
- რუსეთი დანაკარგების შესავსებად დაბალი მომზადების რეზერვების, მათ შორის საბრძოლო დამხმარე ელემენტებისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან დაბალი მზადყოფნის ქვედანაყოფების განლაგებას აგრძელებს.
- უკრაინის გენშტაბი იტყობინება, რომ რუსეთი გეგმავს პროკაციას, რათა ბელარუსი კონფლიქტში ჩართოს, თუმცა ბელარუსის მხრიდან დასავლეთ უკრაინის შეტევა ან წარმატების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსეთიდან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აფრთხილებს, რაც გულისხმობს ბელარუსის ომში ჩართვას. 19 მარტს, ბელარუსმა “რთული სამუშაო პირობების გამო” საელჩოს ევაკუაცია მოხდინა მოლდოვაში. 21 მარტს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) იტყობინებოდა, რომ ბელარუსი ჯაშუში დააკავეს, ვოლინის ოლქში, რომელიც უკრაინის პოზიციებსა და აღჭურვილობას ამოწმებდა. 21 მარტს, ბელარუსის სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ბრესტის რეგიონში, უკრაინის საზღვრიდან 7 კილომეტრის დაშორებით ბელარუსის სამხედრო ტექნიკა შენიშნეს.
21 მარტს, უკრაინის გენშტაბმა პირველად განაცხადა, რომ რუსეთი “პირდაპირი საბრძლო ოპერაციებისთვის” იძახებს რეზერვებისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებიდან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის (ГУР) ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში გაწვევის ასაკს 55-დან 65 წლამდე ზრდის. ამას გარდა, აქტიურად იღებენ 18 წლის სტუდენტებსაც. ГУР-ის ცნობით, სეპარატისტული რეგიონების ძალებში წვევამდელებს 1970-იანი წლების სამხედრო აღჭურვილობას ურიგებენ.
21 მარტს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებს უკრაინაში „აუცილებლად ესაჭიროებათ დაზიანებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთება და აღდგენა“. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამცირებს თვითმფრინავების გამოყენებას და მათ უპილოტო საფრენი აპარატებით ანაცვლებს.