ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “წლის გმირები”, პირდაპირი გაგებით, ნამდვილი გმირები არიან. ალალია და დამსახურებული ეს მაღალი წოდება უკრაინაში ამჟამად მებრძოლი, დაღუპული თუ დაშავებული ჩვენი თანამემამულეებისთვის. გმირები არიან მათი ოჯახის წევრებიც, მშობლები, მეუღლეები თუ შვილები. მათ წინაშე ყველამ ქედი უნდა მოვიხაროთ, ახალი წლის ღამეს მათი სადღეგრძელო შევსვათ, დაღუპულების შესანდობარი ვთქვათ და რაც მთავარია, მათ არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ გამარჯვება ვუსურვოთ. უფრო სწორად – აბსოლუტურ ბოროტებაზე, პუტინის რუსეთზე გამარჯვება ვისურვოთ.
რა თქმა უნდა, ამ წელს თავისი ანტიგმირებიც ჰყავდა და მათზეც შეიძლებოდა გვეთქვა ორიოდე სიტყვა. თუმცა, ერთსა და იმავე ტექსტში ნამდვილ გმირებთან ერთად ამ ადამიანების ხსენებაც კი ძალიან მეხამუშება. არ მინდა, ჩვენი გმირების თავგანწირვა, ღვაწლი და თავდადება რამენაირად შევბღალო. თუმცა, ერთს კი ვიტყვი: როდესაც დრო გავა და ქვეყნის ამ პერიოდის ისტორია დაიწერება, დარწმუნებული ვარ, მათი კოლექტიური თუ პერსონალური როლის გათვალისწინებით, საქართველოს ისტორიული პერსპექტივის გამრუდებისთვის ისინი კოლექტიურ ორჯონიკიძეებად იქნებიან მოხსენიებული.
როდესაც საკუთარ თავში და ჩვენს შემდგარ ერად ყოფნაში ეჭვი გვეპარება, და როდესაც ისეთი ფასეულობები, როგორებიცაა პატრიოტიზმი, თავისუფლება, ღირსება და სოლიდარობა, არა მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, არამედ მშვიდობის საპირწონეც ხდება – ჩვენი და ზოგადად ცივილიზაციის მტრის, რუსეთის უდიდესი მიღწევაა.
შესაძლოა, საქართველოს ისტორიაში არაერთი ეპიზოდი ყოფილა, როდესაც მსგავსი კითხვები ჩნდებოდა: ბევრჯერ იყო ჟამი ბრძოლის და ჟამი გაცლის. თუმცა, ისტორიაც და ქართველი ხალხიც ეროვნულ გმირებად, დიდ სახელმწიფო მოღვაწეებად, წმინდანებად, თავდადებულებად თუ აღმაშენებლებად იმ ადამიანებს რაცხავდნენ, რომლებიც არჩევანს თავისუფლების, ეროვნული ინტერესების, ღირსების, მტერთან შეუგუებლობის და თავგანწირვის სასარგებლოდ აკეთებდნენ და არა პირიქით. დღესაც თითქოს იგივე დილემა გვაქვს, თუმცა თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ ბევრად მძიმე მდგომარეობაში ვართ. თუ წარსულში სახელმწიფოებრიობადაკარგული როსტომ ხანი და მისთანები მტერთან კომპრომისებითა და ფრთხილი დიპლომატიით ახერხებდნენ ეროვნული მემკვიდრეობის ნარჩენების შენარჩუნებას, დღეს ოცნების ხელისუფლება რუსეთთან კაპიტულაციით ცდილობს არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენას და ჩვენთვის დასავლური მომავლის წართმევას. ამას კი ვითომდა მშვიდობისთვის გადახდილ ხარკად გვიფუთავს.
უდიდესი იმედგაცრუების პარალელურად, ამ წელს სერიოზული ხელჩასაჭიდიც გაგვიჩნდა. ეს ხავსი კი არა არის, ან ლიტერატურულ ნაწარმოებში ავტორის მიერ შემოყვანილი სასურველი პერსონაჟი, არამედ ნამდვილი გმირები, რომლებიც რეალური ცხოვრების სცენაზე გამოჩნდნენ. ესენი არიან ქართველი ვაჟკაცები და ქალები, რომლებიც ყველა იმ ღირებულებას განასახიერებენ, რითაც ისტორიულად გამოვირჩეოდით და ვამაყობდით. ჩვენ დღეს გვყავს ნამდვილი ქართლის დედაც და ჯარისკაცის მამაც და ეს ადამიანები სურათ-ხატებად იბეჭდებიან ჩვენს საერთო, ეროვნულ ცნობიერებაში. არჩილ ხოფერია, ჯაბა ხოფერიას მამა, რომელმაც საქართველოსთვის ძმა და შვილი დაკარგა. თავადაც არაერთხელ იყო ბრძოლაში და ასაკის მიუხედავად, ხვალაც მზადაა ქვეყნისთვის საომრად. ასმათ პაკელიანი, დავით რატიანის გმირი დედა, რომელმაც ზუსტად იცის, პურ-მარილით და პატივით ვინ უნდა მიიღოს და ხმლით ვის უნდა დახვდეს. და ამ ხმლის ხელში დამჭერი და მტერთან შეუდრეკლად მებრძოლი შვილიც გაზარდა. ისინი და მათთან ერთად ყველა მებრძოლის მშობლები არიან არამარტო 2022 წლის საქართველოს ნამდვილი გმირები!
დიდება მათ! სიკვდილი მტერს! გამარჯვება უკრაინასა და საქართველოს.
ფორმულა