ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
”ჩემი ამ წლის ამბავი ასეთია:
21 მაისს, როცა თვალი გავახილე, მოთეთრო ოთახში ვიწექი, თავთან გაღიმებული მეგობარი მეჯდა და მითხრა, რომ გადავრჩი, რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ მთელი საქართველო ღელავდა და ლოცულობდა ჩემთვის. სულ რაღაც ერთი წამით ძალიან გამიხარდა და მერე სიხარული სადღაც გაქრა. ვიღაც იფიქრებდა, რომ ეს იყო დაღმართის ფსკერი, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი შემდეგ დაიწყო. კლინიკები. კლინიკები. გადასხმები. ბენზოდიაზეპინების საშინელი ბურუსი, რომელსაც განგაში მალევე ფანტავს და დაჭიმული სხეული ახალს ითხოვს. მაშინდელ ფოტოს რომ ვუყურებ, ჰოლოსკოტის მსხვერპლის სურათია – სახე არეული, დახრილი წარბები და ჩავარდნილი, სასოწარკვეთილი თვალები. წონა – 58 კილოგრამი. კანკალი. კანკალი. გულისრევა.თავბრუსხვევა.საზარელი, აკვიატებული ფიქრები. ყველა ძველი და ახალი შიში ერთად მოდის და არც კი აკაკუნებს – კარი ღია ხვდება. ბავშვობის უწყინარ ცოდვებზეც კი დიდი სინანული და თვითგვემა. მარტივი შეცდომები საზარელ, მოუნანიებელ დანაშაულად წარმოგიდგენია. არამარტივი ხომ საერთოდ. დილით, საათით ჩაძინებულს, ყვირილით გეღვიძება და გულმკერდზე რაღაც გაწვება, თითქოს ხორცი უნდა გამოგლიჯოს. ამაზრზენი დერეალიზაცია – სამყარო შუშის კედლებს მიღმაა, ხედავ და ვერ ეხები – შენ სხვაგან ხარ, დანარჩენები სხვაგან. შეუჩერებული, სპაზმური სლოკინი, ძილშიც კი. დავდიოდი კედელს მიყრდნობილი, ლოკოკინას სიჩქარით. მერე, სადმე პალატის კუთხეში ჩავიმუხლებდი, თითებს სასათან მივიტანდი და წუთით ვიჩერებდი ამ სლოკინს. მოდიოდნენ ექიმები, სხვადასხვა ხელობის. ზოგი მსჯელობდა რომ საყლაპავის ნერვი გაეყინათ სპაზმის შესაჩერებლად, ზოგიც, სხვა პროფილისა – წამალი შეეცვალათ. უკვე მეათასედ. სახლში ბარემ ასი აცდენილი რეცეპტი მიდევს ახლაც. ზოგი ისრაელის კლინიკაში გადაყვანას ფიქრობდა, სადაც რეზისტენტულ დეპრესიას და შფოთვებს კარგად მკურნალობენ. მე ვიწექი და უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა ამაო ლაპარაკი. სრული უიმედობა. ფიქრი, რომ ეს მხოლოდ მე დამემართა, რომ მდგომარეობა სამუდამოა და ისევ ამ აღუწერელი ტანჯვის დასრულება სჯობს. თავს შემოუძახე და მისთანანი ხომ ყველაზე საშინელი სიტყვებია ამ დროს – მიდით და შემოუაძახეთ აბა, თუ გააგონებთ. ვიწექი და ვხედავდი, როგორ იღლებოდნენ ადამიანები ჩემს ირგვლივ, რადგან თანაგრძნობაც საზღვრიანი განცდაა. ბოლოს ორი-სამიღა შემომრჩა. ვიწექი და ვუყურებდი ფანჯარას. ვფიქრობდი, რომ იქ, გარეთ დადიან სხვა ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები და მათსავით ყოფნა მიუწვდომელ საქმედ მიმაჩნდა – ნებისმიერ მომაკვდინებელ დაავადებაზე გავცვლიდი იმ ყოფას, ვინმეს რომ მოეტანა მსგავსი კონტრაქტი. ვიწექი და ვფიქრობდი იმ ადამიანებზეც, ვისაც ყველაზე რთულ დროს ხელი გავუწოდე, გზაზე დავაყენე, არაფერი დამიშავებია და შემდეგ ტალახის მსროლელთა რიგებში მოწინავედ დამდგარან. ჩემი გასაჭირებისას პირში წყალჩაგუბებულებზეც ვფიქრობდი. რა საჭირო იყო ამგვარი ბანალური ფიქრით გაღიზიანება არ ვიცი. ან რა იყო აქ გასაკვირი და უცხო. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და იმაზე კი აღარ – რომ ადამიანი ადამიანია, გინდა ლიბერალი დაირქვას, გინდ კონსერვატორი და გინდა ანგელოზი. არც იმაზე, რომ ცხოვრება სამართლიანობის აუცილებლობას არ გულისხმობს. იმაზე მით უფრო ვერ ვფიქრობდი, რომ ათიათასობით კეთილი წერილი მოდიოდა, რომელთაც მერე ვეღარც ვკითხულობდი, საფოსტო ყუთის გახსნის შიში დამჩემდა და ძალაც აღარ მქონდა. არც ის მაიმედებდა, მნახველები რომ მეუბნებოდნენ დაზეპირებულ სიტყვებს, ყველას უყვარხარო და სხვანი. არამედ ვფიქრობდი, სუბიექტურად ვფიქრობდი და ეს ფიქრი და კიდევ სარკე, სადაც შემთხვევით თვალს მოვკრავდი ჩემს წაქცეულ სილეუტს, მიბიძგებდა, ამეღო ტელეფონი, დამეწერა რაღაც საშინელება, გამეშვირა თითი სხვისკენ და გამოვმშვიდობებოდი წუთისოფელს. მეორედ და საბოლოოდ, სიკვდილის მყარი გარანტიით. წამიერი იყო ეს გაელვება, მაგრამ ძლიერი და მაცდუნებელი. იყო, მაგრამ გავიმარჯვე. მერე ასე მოხდა: სწორი ექიმების პოვნით, იმ ექიმებისგან სწორი წამლებისვე დაძებნით და არადამიანური ძალისხმევით ამოვძვერი ჭაობიდან, რომელიც არამხოლოდ ფიზიკურად მიღებდა ბოლოს, არამედ მეწვრილმანე ბოროტად ქცევასაც მიპირებდა. და ახლა მივიღე სამყარო, ისეთი, როგორიც არის – პატარა ადამიანებით, ცილისმწამებლებით, მოსეირეებით, უმადურებით, მიმტევებლებით, დიდი ადამიანებით, მოულოდნელი ადამიანებით, კეთილი ადამიანებით. მივიღე და გავუწოდე ხელი. შფოთვების პერიოდული გაბრძოლებებით, მაგრამ დღეს გაცილებით ძლიერი ვარ და უფრო მაღალ მთებს მოვერევი. თუმცა მთავარი სხვა რამ არის – ზუსტად ვიცი, რომ მიუხედავად ამ სიძლიერისა, არაფერი დამთავრებულა – კიდევ წავიქცევი, კიდევ დავსუსტდები, კიდევ იქნება ტანჯვა და კიდევ გავიმარჯვებ, სანამ ოზურგეთში, კვირიკეთის პატარა სასაფლაოსკენ არ წამასვენებენ. ცხოვრება ყალბი სამოტივაციო ფრაზები არ არის. ეგ რომ იყოს, საშინლად მოსაწყენი იქნებოდა. საინტერესო და გასაძლები თავგადასავალია უფრო. მე თქვენ გვერდით ვარ ამ გაძლებისას. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას!” – წერს გიორგი კეკელიძე.