2022 წელს საქართველოს ეკონომიკაში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციები, დიდწილად, რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული. 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში ათასობით ადამიანი შემოვიდა. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ ერთჯერადი მიგრაციული პროცესებითაა გამოწვეული. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამასთან, მიგრაციის შედეგად სტიმულირებული მოთხოვნის გამო უძრავი ქონების ფასები იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქირა ფასების კალათის ერთ-ერთი კომპონენტია, მისი ზრდა იწვევს ინფლაციის მატებას, რაც მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას წარმოადგენს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 9.3%-ით გაიზარდა, წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10%-ით განისაზღვრა. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 15% იყო, მეორეში – 7.2%, მესამეში კი – 9.8%.
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2022 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლით 51.2 მილიარდი ლარია, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 878 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ 2021 წელიც მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ რეკორდული ვარდნა განიცადა და 6.1%-ით შემცირდა.
მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის მე-12 პოზიციიდან 26-მდე ჩამოქვეითდა, რაც საქართველოს სარეიტინგო ქულის გაუარესების უპრეცედენტო მაჩვენებელია.
ინფლაცია
როგორც აღვნიშნეთ, 2022 წელს საქართველოში უმთავრესი ეკონომიკური გამოწვევა ინფლაცია იყო. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს.
ფასების დონის სწრაფი ზრდა არამხოლოდ ამ წლის, არამედ წინა ორი წლის პრობლემაცაა. 1999 წლის შემდეგ ასეთი ხანგრძლივობით სამომხმარებლო ფასები ორნიშნა მაჩვენებლით პირველად გაიზარდა. 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონე ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულზე იყო. დიდი ხნის განმავლობაში არსებული მაღალი ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ 2022 წელს შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ამ დროს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი “ინფლაციის მოთოკვას” გვპირდებოდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.5%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციის დონემ კი საქართველოში 10.4% შეადგინა.
ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 16.8%-ით გაიზარდა, ტრანსპორტი 8.2%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 15.4%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 15.9%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 9.6%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 6.2%-ით, ხოლო განათლება 6.6%-ით.
რეფინანსირების განაკვეთი
ინფლაციის ზრდის პარალელურად საინტერესოა ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის მთავარი შემაკავებელი მექანიზმის მაჩვენებლის ცვლილებაც. რეფინანსირების განაკვეთი იმ პროცენტულ მაჩვენებელს აღნიშნავს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს სესხს აძლევს. ინფლაციის მართვის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კომერციულ ბანკებს რეზერვის გაზრდისკენ უბიძგებს, შედეგად მომხარებელებზე ნაკლებ სესხებს გასცემს და ეკონომიკაში ფულის მასა იკლებს. ამრიგად, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მონეტარული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენაა მიმართული.
ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 11%-ია. სებ-ი აღნიშნავს, რომ ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტენდენცია ექნება.
საარსებო მინიმუმი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.1 ლარს შეადგენს. საარსებო მინიმუმი 2021 წლის ამ პერიოდში 223.7 ლარს შეადგენდა. საარსებო მინიმუმის ზრდა ქვეყანაში კვლავ ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება.
საარსებო მინიმუმი სოციალური ორიენტირია, რომელიც ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება. საარსებო მინიმუმი სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით გამოიანგარიშება. ზოგადად, მისი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და მინიმალური დონის შესანარჩუნებლადაც შედარებით მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე წარსულში.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას მოიცავს.
2022 წელს გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობაც. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში შემწეობა 665 992 მოქალაქემ და 178 490 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.1%-ია. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით კი მოსახლეობის 17.9% იმყოფება.
ფულადი გზავნილები
2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $521.2 მლნ (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით ($313.8 მლნ) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე $1 მლნ აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა. გზავნილების 60.66% რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.
უპირველეს ყოვლისა, რუსეთიდან ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის არაბუნებრივად მაღალი ზრდის ტემპითაა განპირობებული. ამასთან, რუსეთიდან გადმორიცხულ ფულად გზავნილებს საქართველოს ეკონომიკაზე ერთმნიშვნელოვანი ეფექტი არ აქვს. საქართველოში მოქალაქეები იღებენ შემოსავლებს, რაც ზრდის მოთხოვნას სხვადასხვა სერვისსა და საქონელზე. ამ პროცესის შედეგი კი ლარის კურსის გამყარებაა, რაც ფულადი გზავნილების დადებით ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს.
მიუხედავად მოკლევადიანი დადებითი ეფექტებისა, ადრე თუ გვიან რუსეთის მოქალაქეები შეწყვეტენ ან შეამცირებენ გზავნილების გადმორიცხვას, რაც საქართველოს ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფითად აისახება. ნებისმიერ მომენტში შეუძლია რუსეთს, საკუთარ მოქალაქეებს ფულადი გზავნილების გადმორიცხვა აუკრძალოს, რაც იმ ადამიანების მყისიერ ზარალს გამოიწვევს, რომლებისთვისაც ფულად გზავნილებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამრიგად, რაც მეტად არის საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული, მით მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის ბერკეტი აქვს რუსეთს.
ტურიზმის სტატისტიკა
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443 600 ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 13.7%-იანი წილით.
გასათვალისწინებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში წელს რუსეთიდან 511%-ით მეტი პირი შემოვიდა.
“დიდწილად ეკონომიკური ზრდა წელს განპირობებულია მიგრაციული პროცესებით, კერძოდ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. აქ რჩება ან/და გადმოაქვს თავის საქმიანობა, შესაბამისად, აქ ხარჯავს ფულს”. – ამბობს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი.
31 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა მთელ ევროპაში და წლის ბოლოსთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოსალოდნელია. თუმცა, გიგა ბედინეიშვილის განმარტებით, მიგრაციული პროცესების “იმედად ეკონომიკა ვერ იქნება”.
უძრავი ქონების ფასები
2022 წელს, ტურისტების შემოდინების ზრდის ხარჯზე, საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბინის ქირაობა. თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 12%-ით არის გაზრდილი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის იმავე პერიოდს. საინტერესოა, რომ ოქტომბერში 34%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფასის ყოველთვიური ზრდა 2022 წლის ნოემბერში შენელდა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაინც მნიშვნელოვან ნიშნულს აღწევს.
ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ქირაზე მოთხოვნამ 2022 წლის ნოემბერში ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ქირის შემთხვევაში წლიური ზრდა 116%-ს შეადგენს.
კვლევის თანახმად, მიგრანტების მოთხოვნა გაქირავების ბაზარზეა კონცენტრირებული. თუმცა, მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, შესაძლოა, ქონების შესყიდვის უფრო ძლიერ ზრდაში გადაიზარდოს. ამჟამინდელი მონაცემების საფუძველზე, 2022 წლის სექტემბერში 777 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20.5%-ით მეტია. ძველი ბინების გაყიდვის მაჩვენებელი კი, წინა წელთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $17.018 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $5.037 მილიარდს შეადგენს (31.8%-იანი ზრდა), ხოლო იმპორტი $11.981 მილიარდია (32.4%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით).
იანვარიდან ნოემბრამდე რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 49.2%-ით გაიზარდა და $2 205 778 600 შეადგინა. ამ მონაცემების საფუძველზე, თურქეთის შემდეგ, მოსკოვი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიციას იკავებს.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ჩინეთი – $660.7 მილიონი (16.1%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
- რუსეთი – $597.9 მილიონი (8.9%-იანი ზრდა);
- აზერბაიჯანი – $595.5 მილიონი (21.9%-იანი ზრდა).
2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3% შეადგინა. პირველი სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თურქეთი – $2 143.2 მილიონი (33.3%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
- რუსეთი – $1 607.8 მილიონი (73.1%-იანი ზრდა);
- ჩინეთი – $1 017.7 მილიონი (28.7%-იანი ზრდა).