“”რუსული კანონი”….რომელიც პარლამენტში დაინიცირდა ღია ავტორიტარიზმის უტყუარი მარკერია….არ დაიწერო “აგენტი”…. გადადი დაუმორჩილებლობაზე”-ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ “რუსული კანონის”, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა ღია ავტორიტარიზმის უტყუარი მარკერია და გასაკვირი ის იქნებოდა, “ქართულ ოცნებას”, რომ არ მიეღო. ამ თემაზე ის “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საუბრობს.

ნიკა გვარამია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ურჩევს, რომ არ დაიწეროს “აგენტი” და გადავიდეს დაუმორჩილებლობაზე. მისი თქმით, ციხეში რომ არ იყოს, აგენტად თავის თავს არ გამოაცხადებდა, არც ჯარიმას გადაიხდიდა, რადგან ეს კანონი ღირსების შემლახავია და ღირსება, აღუდგენელი რამაა.

“საქართველო ღია ავტორიტარიზმია და ეს კანონი თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმებისთვის ქრესტომათიულია. მას ყველგან დიდი საერთაშორისო წინააღმდეგობები ხვდება, მაგრამ რეჟიმი მას მაინც იღებს. ეს კანონი ღია ავტორიტარიზმის უტყუარი მარკერია. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ მიეღოთ. ასე არის გაწერილი ე.წ. Russian Playbook-ში, რომელსაც განუხრელად მიყვება “ოცნების” ხელისუფლება.

რასაც ვურჩევდი სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ისაა, რომ არ დაიწეროს „აგენტი“ და გადავიდეს დაუმორჩილებლობაზე. მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ. დამაჯარიმებდნენ – არ გადავიხდიდი. ღირსების შემლახავია ეს კანონი და ღირსება კიდევ აღუდგენელია”, – ამბობს ნიკა გვარამია “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, აღნიშნულს საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრებდა და საქმის გადაწყვეტამდე კანონის მოქმედების შეჩერებას მოითხოვდა აღუდგენელი ზიანის შეუქცევადი შედეგის რისკის საფუძველზე. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ეს კანონი  ევროკონვენციასთან შეუსაბამოდ აქვს გამოცხადებული და თუ საკონსტიტუციო არ განიხილავს საქმეს დროულად და არ მიიღებს შეჩერების წინასწარ გადაწყვეტილებას, გარისკვადა დროებითი ღონისძიების მოთხოვნას.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მაღალია ალბათობა, რომ სტრასბურგის სასამართლომ კანონის მოქმედება შეაჩეროს, რაც წარმოუდგენელი პრეცედენტი იქნება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც.

პოლიტიკა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share