“ჩემს შვილს სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი…ყოველდღე სასწაულს ველოდები”- ალასანია

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის შვილს საქართველოში კლავენ. ალასანიამ გადაცემაში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, ასევე იმ პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ ახლა უკრაინაში არაა.

“2003 წლის ვარდების რევოლუციისა და მერე 2004 წლის შემდეგ ასეთი ფინალი ვერ წარმომედგინა. ისევ მეთოთხმეტე საუკუნეში დავბრუნდით. თქვენ უკრაინაში ჯოჯოხეთი გაქვთ, მაგრამ ჩვენთანაც ომია. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ევროპაში სურს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, უკვე რუსეთის ნაწილი ვართ. ამბობენ, რომ სააკაშვილი სისხლისღვრისთვის ჩამოვიდა. საინტერესოა, 2003 წელს რევოლუციის დროს თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია. საიდან მოიტანეს ეს. სად დაღვარა სისხლი.

ის ახლა ძალიან ცუდადაა. მოწამლეს ციხეში. ეს უკვე დადასტურებულია საუკეთესო ლაბორატორიებში. მას აქვს ინტოქსიკაცია და ეს მძიმე მეტალები უნდა გამოდევნონ ორგანიზმიდან, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ყოველდღე მაღალი სიცხე აქვს. ძვალი და ტყავია დარჩენილი რადგან კახექსია აქვს. ძალიან რთულია ამის ყურება და მე ყოველდღე სასწაულს ველოდები. მათთვის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ჩემი შვილის გაკეთებულს არანაირი ფასეულობა არ აქვს და პირიქით ისინი მუშაობენ, რომ სახელმწიფოებრიობა გაანადგურონ. გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. თუმცა ძალიან წუხს, რომ არ არის ახლა უკრაინაში. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აქვს, რადგან რასაც მე ვხედავ, ის დამოკიდებულია პუტინზე. პუტინს რასაკვირველია უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია. ახლა მძიმე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ჩემი შვილი ოპტიმისტია, აქვს გეგმები და თვლის, რომ ეს ყველაფერი დროებითია”, – ამბობს ალასანია.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედევითაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩა, სააპელაციოში გაასაჩივრეს. ისინი ამბობენ, რომ დრო ცოტაა, რადგან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share