საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ თქვა, რომ არ არის ამერიკული კანონის ანალოგი და ეს არის რუსული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს.
კომენტარში, რომელსაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს, ამერიკის ელჩი ამბობს, რომ კანონპროექტი არ არის გამჭვირვალობისთვის, რადგან ისედაც არის ანგარიშები, USAID-ის, დონორების საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ, ყოველ სამ თვეში ისინი პარლამენტს წარუდგენენ დეტალურ ანგარიშებს, ქაღალდის მთებთან ერთად, დეტალურ მოხსენებას როგორ საქმიანობენ ისინი აქ, საქართველოში. დეგანანის თქმით, საქართველოს ნებისმიერი პარტნიორი მსგავს დეტალურ ანგარიშს წარადგენს საქართველოს მომსახურების სააგენტოში.
“გამჭვირვალობის ათასნაირი საშუალებაა, როგორ არის ეს დახმარება გამოყენებული, თუ ვინმე რეალურად აღელვებს და ეძებს ინფორმაციას. ის ასევე მრავალ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი. ამერიკული კანონი მიმართულია ლობიზმსა და ფირმებზე, რომლებიც დაქირავებული არიან უცხოური ქვეყნების მხრიდან, რათა ამ უცხოური ქვეყნების პოლიტიკური ინტერესი წარმოადგინონ. ეს კანონპროექტი არ ეხება ამას.
ეს კანონპროექტი არის რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მიზნად ისახავს სიჩუმეს, ხმებისა და სხვადასხვა შეხედულებების შემცირებას. ეს კანონი შეაჩერებს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან სხვებს ქართული საზოგადოების გაუმჯობესებაში. ეს კანონი შეაჩერებს ქართველების საჭიროებების უცხოურ, კანონიერ მომსახურებას. ეს კანონი შეაჩერებს დამოუკიდებელ, ცოცხალ სექტორს, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებებთან მუშაობენ, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდიან სერვისებს ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ და რომელთა მხარდაჭერასაც ამ კონკრეტულ მომენტში მთავრობა ვერ უზრუნველყოფს. ეს კანონი შეაჩერებს სამედიცინო კვლევას, რომელიც თანადაფინანსებულია დონორებისა და უნივერსიტეტების მიერ. ეს კანონი შეაჩერებს ტურისტულ სააგენტოებსა და ასოციაციებს, ფერმერულ ასოციაციებს, შეაჩერებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებზე, გარემოზე მუშაობენ. სია გრძელია, რომელზეც ამ კანონს გავლენა ექნება. ჩემი შეკითხვა, რეალური კითხვა ასეთია, სჭირდება საქართველოს ასეთი კანონი, როდესაც უკვე ასეთი გამჭვირვალობა, ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა და ასეთი სანდო კომუნიკაციაა დონორებსა და ორგანიზაციებს შორის, რომელთა მიზანი საქართველოს საზოგადოების გაუმჯობესებაა“, – თქვა დეგნანმა.
ცნობისთვის, 14 თებერვალს “ოცნებიდან” ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას “უცხოური გავლენის აგენტების” რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალებიდან” მოდის. “ხალხის ძალა” აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები – “ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან”.
“გამიჯნულებისა” და “ოცნების” გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.