ცენტრი “ემპათია” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას აგრძელებს. მათი თქმით, გამოკვეთილია ახალი დაზიანებები ხერხემლის, კისრისა და ზურგის ტვინის მიდამოებში, რაც შესაძლოა გლდანის ციხეში გადაყვანასთან იყოს კავშირში.
მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ გერმანელი ექსპერტი პროცესში დისტანციურად ჩაერთო.
“მიმდინარეობს ექსპერტიზა, ჩართულია სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები, მათ შორის გერმანიიდან ექსპერტი დისტანციურად. ვეცდებით, რომ მალე იყოს დასკვნა მზად. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლავ საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი, განსაკუთრებით ნევროლოგიური პროფილი და საჭმლის მომნელებელი სისტემა. შესაბამისად ჩვენი რეკომენდაცია კვლავ არის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
7 თვის განმავლობაში სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განსაკუთრებით ნევროლოგიური თვალსაზრისით, შესაბამისად, ეფექტი არ არის, ეს არის ფაქტი. ფაქტიდან გამომდინარე ადეკვატურად მიგვაჩნია ეს არის ყველა საერთაშორისო სტანდარტის და ჩვენი კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება მოიძიოს ალტერნატიული სამკურნალო შესაძლებლობები იმისათვის, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
დღეს მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში დედა და ადვოკატი მოინახულებენ. ექსპერტები ვივა მედში გუშინ იმყოფებოდნენ.