“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით გათავისუფლება”- Amnesty International, HRW მიხეილ სააკაშვილზე

Amnesty International და Human Rights Watch საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ “საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, მუდმივი ინვალიდობისა ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ ჰქონია რეაგირება ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ  ერთობლივ წერილშია გამოთქმული.

“მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას უტოლდებოდეს და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს”, – ამბობს დენის კრივოშეევი, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილე.

მისივე განცხადებით, სამედიცინო დახმარებაზე წინასწარგანზრახული უარის გამო პატიმრობაში სიკვდილი უთანაბრდება სიცოცხლის თვითნებურ აღკვეთას, რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

“საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით”, – ამბობს კრივოშეევი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ჯგუფმა დაასკვნა, რომ სააკაშვილს ბოლო 16 თვის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ასევე წერია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოების მიერ მძიმე ავადმყოფი პატიმრების გათავისუფლებას, თუმცა, ასეთი მოთხოვნები ხშირად უარყოფილია. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ადვოკატები კი მას სააპელაციოში ასაჩივრებენ.

“პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი პირობები ტრაგიკულად ფატალური ხდება”, – თქვა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის სისტემის ეს ასპექტი უფრო ჰუმანური უნდა გახადოს და შეუსაბამოს ის საერთაშორისო სტანდარტებს. უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღებას უზრუნველყოფს, და აუცილებლობის შემთხვევაში, გაითვალისწინებს პატიმრობიდან იმ პირების გათავისუფლებას, რომლის პატიმრობაში დარჩენა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამო შეუძლებლად მიიჩნევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share