როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად, უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს, ვიქტორ ყიფიანს შეეხებოდა.
„არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ ზოგადად ვერასოდეს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება, იყო ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად, გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე: „თქვენ ამბობთ, რომ ეგ იყო მიზეზი, რის გამოც ვიქტორ ყიფიანი აღარ არის მისი ადვოკატი?“ კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მთავარი მიზეზი სხვა რამ იყო, რომელსაც ვერ დააკონკრეტებს.
„მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე. წარმოიდგინეთ, ამაზე უფრო მძიმე, ჩემი ინფორმაციით. ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, „საადვოკატო საქმიანობაში რაღაცები ისე არ გააკეთა ვიქტორ ყიფიანმა, რის გამოც გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილი?“ კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია.
“იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ ის განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე.
ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში. ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა, მე ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მხარეები გააკეთებენ, ალბათ კომენტარს.
იძულებული ვარ, თავი შევიკავო პასუხებისგან. მე შეიძლება, მქონდეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება.