ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის შესახებ წერს და მას სიმხნევეს უსურვებს.
„გიორგი კეკელიძე არ მიცნობს, ამიტომ არ მოვნიშნავ, ისე არ გამოვიდეს თითქოს მჭირდება შემამჩნიოს. მის მორიგ ლანძღვას გადავაწყდი და ცუდი ადამიანი ვიქნები რომ დავდუმდე. უბრალოდ მინდა ვთქვა – გიორგი კეკელიძის საქმიანობას დიდი ხანია ვადევნებ თვალს. საქმიანობას სწორედ, რადგან მისი შემოქმედება საერთოდ სხვა მსჯელობის საკითხია. და მისი საქმიანობის პრიზმაში ვიტყვი სწორედ, რომ გიორგიმ ბიბლიოთეკა გააცოცხლა. გარემო, სადაც სიჩუმე მოცემულობაა მჭექარედ საუბრობს, არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ მათ ავტორებზე, ადამიანებზე და საუბრობს ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის.
წიგნიერი ადამიანი ყოველთვის ემოციურია, ზოგი ამას უფრო მეტად გამოხატავს, ზოგიც ნაკლებად. წიგნიერ ადამიანს (ნაკითხი სხვა რამეა) შეუძლებელია სამართლიანობის საკუთარი სტანდარტი არ გააჩნდეს და ამ სტანდარტის ფარგლებში არ რეაგირებდეს მოვლენებზე – მოსაწონად თუ დასაწუნად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რეაგირებდეს და არ იყოს ზეზეული ცხედარი.
გიორგი კეკელიძესთან მიმართებაშიც მისი საქმიანობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის მთავარი განმსაზღვრელი, ჩემი გადასახედიდან, საყვარელ საქმესთან ერთად, სწორედ ღირებულებითი არჩევანია იყოს დღევანდელობის ერთ-ერთი ცოცხალი შემოქმედი და არა ზეზეული ცხედარი, ან ლეში.
როდესაც ადამიანს მგლის ხროვა დაესევა და ამას უყურებ, თუ გაიქცევი კურდღელიც არ ხარ – ჩათლახი ხარ. მინიმუმ ჯოხს ან ქვას უნდა დასწვდე. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში საოცარია – ადამიანი ხარ! თუ გინდ მგლებმა დაგგლიჯონ ორივე და მთლად საოცრება თუ ორივენი გადარჩებით შენი ნასროლი ქვის, მოღერებული ჯოხის შედეგად, ან სულაც სასოწარკვეთილი ყვირილით დააფრთხობ მტაცებლებს.
და რა – სიმხნევე გიორგის და თანადგომა. ეს მას კი არ სჭირდება, თუმცა სჭირდება როგორ არა – რადგან კაცი კაცითაო ნათქვამია, მაგრამ ეს მისი თანადგომა ჩვენ გვჭირდება უპირველესად, იმისათვის, რომ ვიგრძნოთ საკუთარ თავში ადამიანი და ვიყოთ ცოცხლები და არა ცოცხლად მკვდრები…
P.S. ისე, ამ ახალგაზრდა კაცმა რომ ტვირთი და ჭაპანი ზიდა ქვეყნისთვის, თან წარმატებულად, ბარე ორი გამოეჯიბროს მისი ასაკის და იმავე ხარისხის წარმატებით.
მაგრამ რა საჭიროა წიგნი და განათლება ხო?…“ – წერს მირცხულავა.