აკეთი

ჩვენში ვაკეთებთ თიხისაგან შემდეგ ჭურჭელს: ქურებს, ყვიბრებს, სხვადასხვა ზომის ქოთნებს, კოჭობებს [პატარა ქოთნები], დერგებს, კოკებს, ჩაფებს, ფიჩხაურს ნახევარ ფუთიანს, ჭარიკებს, დოქებს, ლავინებს და ჯამებს და სხვა ამგვარებს. ამ ჭურჭლებს ვაკეთებთ საგანგებოდ ამისათვის არჩეული თიხისგან, რომელსაც აქვს მტრედისფერი და გამოწვის შემდეგ გაწითლდება.
.
ეს თიხა მოგვაქვს ერთი ვერსტის მანძილიდან – მიწის სათხარადგან. იქ უნდა გადავიღოთ ზევითგან ალაბ-ნახევარი შავი მიწა და შემდეგ იწყება თიხა.როცა თიხას მოვზილავთ, გადავარჩევთ ბურკებიდგან, აურევთ მდინარის სუფთა სილას. საჭიროა ერთი მეათედი სილის არევა თიხაში. შემდეგ დავასხამთ ზედ წყალს, ვზელავთ ფეხით ან ხელკავით, უკეთესია ფეხით მოზელვა.
.
ჭურჭელს ვაკეთებთ ბორბლის [ჩარხის] საშუალებით. ჭურს კი ვაკეთებთ ნაწილობრივ ჩარხზე და როცა ერთ რგოლს გავაკეთებთ, გადმოვიღებთ ჩარხიდან და მიწაზე დავდგამთ, გავამაგრებთ, რომ არ წაიქცეს. დღეში უნდა აშენდეს ჭურის ერთი რგოლი. შენების დროს ჭურის განი ფართოვდება, როგორც საჭირო იქნება. და ასე თითო რგოლი, სანამ ჭურის შენება მთლად არ მოთავდება. შენების დროს ჭური უნდა დაიბიჯგოს, რომ არ წაიქცეს.
.
დანარჩენი ჭურჭლები შენდება ბორბალზე. ნაწილები: დოქის – ფსკერი, მუცელი, ხელი, პირი – ტუჩი. ჩაფის, ფიჩხაურის, კოკის, ქოთნის, კოჭოპას ფსკერი და პირი და მუცელი; ჭურის – ყელი, მუცელი და კუშტული.
.
ახალდამზადებული ჭურჭლების გაშრობას უნდა ხუთი დღე. ჩაიწყობა ქურაში გამოსაწვავად, პირველად, ორ დღეს, საჭიროა ნელი ცეცხლი, მესამე დღეს – მაგარი ცეცხლი. ერთი დღის შემდეგ გაცივდება და ქურიდან გამოიღება. ქოცო, ხალანი, ქილა, სურა, გოზაური, კუტალი, წურწუმა, პინა არ გამიგია. ჭურჭლების მოჭიქვა ჩვენში არ ყოფილა.
.
მთქმელი: მიხეილ ღლონტი – ჩაწერის ადგილი: აკეთი (1936 წელი) შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) (შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით) (corpora.co)
შეიძლება იყოს outdoors გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share