1-ელ მარტამდე საქართველოში კომენდანტის საათი კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. როგორც ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, გადაადგილების შეზღუდვის ძალაში დატოვების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
რაც შეეხება ე.წ წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებას, მაია ცქიტიშვილის თქმით, 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში 1-ელი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა 1-ელ მარტამდე არ აპირებს. ამ ქალაქებში პირველი თებერვლიდან მხოლოდ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება.
ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.
საბავშვო ბაღების აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან.
“ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე” – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ძალაში რჩება საქალაქთშორისო ტრანსპორტის მუშაობა, ასევე, სათხილამური კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები.