საკრავი ინსტრუმენტები გურიაში

საკრავი იარაღები ჩვენში ბევრნაირი ყოფილა უხსოვარი დროიდგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენამდის ძალიან ცოტა მოაღწია. დღეს ჩვენამდის მხოლოდ მოაღწია ჩანგურმა, დავლამ და დაირამ.
.
გამიგონია, რომ ჩვენში ყოფილა საყვირი, სალამური, სოინარი [სოლინარი] და ჭიანური. ზროხა, კუდი, სტვირი, ჭიმი, ლარჯემი, ფანდური, ჩანგი, ჭუნირი, ქნარი, ებანი, ბობღანი, წინწილი, ლინი, დაფი და სხვა – არ ვიცი.
.
ჩონგური კეთდება ბჟოლის [თუთის] ხის მასალისგან. თხლად ახდილი ბჟოლის ტკეჩს შეკრავენ წებოთი, საგანგებოდ დამზადებულს ჩენგურის ფორმის კალაპოტზე და როცა გახმება ზედ დააგებენ ტარს, დაუმზადებენ ჯორას – მაღალს და დაბალს, ერთი მათგანი – მაღალი იხმარება ჩენგური გულზე და მაზე ეწყობა ოთხი აბრეშუმის დაგრეხილი ძაფი, მეორე კი ჩამაგრებულია ჩენგურის ტარის ბოლოზე იმავე ძაფების დასალაგებლად. თვითეული სიმის [ძაფის] თავი ჩამაგრებულია ბრტყელთავიანი ჩხირის ბოლოზე და ჩენგურის ტარის ზედა ნაწილის ხვრეტილში ჩარჭობილია, აშარარა ჯორას ეძახიან, ამით ჩენგური მოიმართება დასაკრავად. ჩენგურის გასაკეთებლად ხმარობენ დაშნას და დიდს დანას. დაშნას ხმარობენ ტკეჩის ასახდელად, დანას კი – გასაწმენდათ, ტარის და სხვა ნაწილებისას.
.
ჩენგურის ნაწილები: ტანი ჩენგურისა, ტარი, ჯორა, და ძაფის [სიმის] დასამაგრებელი ჩხირი, ჩენგურის ბოლოს მიმაგრებულია, და ოთხი საგანგებოდ დაგრეხილი აბრეშუმის ძაფი – სიმები, ანუ ალყა. ჩანგურს აქვს ოთხი სიმი: ერთი დამწყები, ანუ მთქმელი, ქვევიდამ პირველი ძაფი, ორი მოძახილი – ქვევიდამ მესამე ძაფი, და სამი ბანი – ქვევიდამ მეოთხე ძაფი. ოთხი – ზილი, რომელიც არის მოკლე სიმი და იჭერს მეორე ადგილს ქვევიდამ. ჩონგურზე ხმის მომართვა. ჩანგურს აქვს სამნაირ წყობა:
.
პირველი წყობა: სამხიარულო-სასიმღერო და საცეკვავოს აქვს ასეთი წყობა – პირველი სიმი ქვევიდამ იწყობა ნოტი რე სიმაღლეზედ, მეორე სიმი, რომელსაც უჭირავს მესამე ადგილი, ეწყობა [უთანხმდება] პირველს მცირე ტერციით დაბლა. მესამე სიმი, ანუ ბანი ეწყობა [უთანხმდება] მეორე სიმს დიდი ტერციით დაბლა, ანუ პირველს სიმს კვინტით დაშორებით. ამნაირად თუ პირველი სიმი რე იქნება, მეორე სიმი იქნება სი, მესამე, ანუ ბანი იქნება სოლ. სიმი, რომელსაც უჭირავს მეორე ადგილი ქვევიდამ და რომელსაც ჩვენში ზილს უწოდებენ, ეწყობა ბანს, ოქტავით მაღლა. ზილი დაკვრის დროს არ იცვლის ხმის სიმაღლეს. ის იძლევა ერთს და იმავე სიმაღლის ხმას – თითი მას არ ედობა და ამიტომ ხმასაც არ იცვლის.
.
მეორე წყობა: ძილად მისვლისა, საბავშო აკვნის ნანინა და .საერთოდ სევდიან-ნაღვლიანი სიმღერისათვის. წყობა ასეთია: წყობა რჩება იგივე, როგორც ზევით პირველი წყობაა, მაგრამ ზილი ნახევარი ტონით დაბლა დაეშვება. მესამე წყობა.
.
მესამე წყობაზე დაიკვრება როგორც პირველი, ისე მეორეც. ამის წყობა არის ასეთი: პირველი და მესამე სიმები რჩება უცვლელად, როგორც ზევით ორ წყობაშია, მეორე სიმი ქვევიდამ ერთი ტონით დაბლა დაეშვება, ზილი კი შეუთანხმდება მეორე სიმს ოქტავით მაღლა.
.
ზემონათქვამი ნოტების საშუალებით გამოიხატება ამგვარად: პირველი წყობა რე, სი, სოლ – სოლ ოქტავით მაღლა ზილისათვის; მეორე წყობა რე, სი, სოლ – სოლ ბემოლი ზილისათვის; მესამე წყობა: რე, სი, სოლ – ზილი კი სი ოქტავით ზევით. ბოლო დროს გამოჩენილ მეჩენგურე იყვნენ დათა გუგუნავა, მისი შვილი სიმონი და შემდეგ ტელემაკ გურიელი. დათა გუგუნავასაგან დარჩა დღემდე ჩანგურის ხმაზე, იადონის ხმაზე დამღერება და ლექსი – ბატონების საბოდიშო და ძილად მისვლისა. საერთოდ ჩვენში უკრავენ ჩანგურს: საცეკვარს, საბოდიშოს – ყვავილ-ბატონების და სხვა სახადის დროს დასაკრავებს, სასიმღეროს ამღერებდენ სხვადასხვა ხმაზედ ლექსებს, საბავშო აკვნის ნანინას და ძილად მისვლისას, ნაზი სიმღერა, საამო სასმენელი.
.
ჩანგურის გარდა არის დაირა და დავლი. გაწმენდილი ცხვრის ტყავი გადაკრული რკალზე [დაირა] ანდა ორივ მხრივ მრგვალ კასრისებურ ხის ნაჭერზედ [დავლი]. პირველს უკრავდენ ხელის ცემით, მეორეს – ორი პატარა ჯოხებით. ამ იარაღებს უმეტესად ხმარობდენ საცეკვარი სიმღერების დროს.
.
რაც შეეხება სიონარს [სოლინარი], ეს იყო მოკლედ დაჭრილი ჩალამკალამის ღერები, შვიდი ცალი, ბალის ტყავით შეკრული, წყობრად დაწყობილი პირველი მოკლე ღერიდგან, თანდათან სიგრძის მატებით, შვიდამდე, სხვადასხვა ხმის ამღები. ტუჩებზე მიდებით ჩაბერვით. ხმას იძლეოდა თვითეული ღერო, რომელსაც შეცვლით ჩაბერავდა, შესაფერს სხვადასხვა ხმას გასცემდა.
.
იყო კიდევ ჩვენში საყვირი. ეს იყო გრძელი სპილენძისაგან დამზადებული ლულა [მილი], რომელსაც ბოლო ფართე ჰქონდა. დამძახებელი ჩასძახებდა შიგ და საყვირი მაღალ ხმას გასცემდა შორს მანძილზე. ამ იარაღს ხმარობდენ ჩვენში ომის დროს ხალხის თავმოსაყარად და უმეტესად კი ძველს დროში, როცა ჩვენში აჭარის მხრიდგან მუსულმანების ბრბო-ყაჩაღები გადმოდიოდნენ და ტყვედ მიჰყავდათ ქალ-ბავშვები და კაცებიც და აჭარაში ჰყიდდენ. როდესაც ასეთი შემთხვევა იქნებოდა, საყვირით აცნობებდენ სოფელს გაჭივრებას და ყველანი გამოდიოდენ შეიარაღებული და დაედევნებოდენ ავაზაკებს და ტყვეებს დაატოვებინებდენ. საერთოდ, ჩვენში ძველს დროში ხმარობდენ ხალხის თავშესაყარ იარაღად.
.
ეხლა კი ასეთი აღარ არის. ჩვენში ძველად კარგი მესაყვირე იყო მღვდელი იოსებ მეგრელიძე, რომელსაც ჰქონდა მიღებული წმიდა გიორგის ვერცხლის ჯვარი [მღვდლობამდის], როგორც კარგს მესაყვირეს და გაჭივრების დროს მაშველს.
.
მთქმელი – ავქსენტი მეგრელიძე; გურია, ხრიალეთი. 1936 წელი. შინამრეწველობის მასალები (პირველ-ასლები) შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით; (corpora.co)
.
ფოტო – სოინარი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share