უეცარი სიკვდილისაგან ჯანმრთელი ადამიანიც არ არის დაზღვეული, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ძირითად ნაწილში კონსილიუმის წევრების განცხადებები თანხვედრაშია კლინიკის შეფასებებთან.
ჩხაიძის თქმით, კონსილიუმის ექიმებმაც აღნიშნეს, რასაც თავადაც ეთანხმება, რომ „პაციენტს აღენიშნება შეუგუებლობა იმ სიტუაციასთან, რაც სიტუაციაშიც ის იმყოფება“.
„კონსილიუმის წევრებს ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ სამედიცინო ისტორიას, მიმდინარე კვლევებს, რაც შეეხება მათ განცხადებებს, თანხვედრაშია იმ მოსაზრებებთან რასაც ჩვენ ვაჟღერებდით, რა თქმა უნდა პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩვენი მითითებები ნაწილობრივ სრულდება. პაციენტი არ ასრულებს ჩვენს მითითებებს და რჩება მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა.
რაც შეეხება უეცარ სიკვდილს ეს არის წმინდა თეორიული მსჯელობა. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს ეს. არცერთი ადამიანი მსგავსი გართულებისგან არ არის დაზღვეული.
ამ შემთხვევაში ამის რაიმე განსაკუთრებული საფუძველი არ არსებობს. გადაადგილდება პაციენტი, შედარებით უფრო გააქტიურებულია, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პაციენტი კიდევ უფრო შეასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, ჩვენს დანიშნულებას და მისი მდგომარეობა კიდე უფრო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
რაც შეეხება ენმ-ის წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებებს, ჩხაიძე აცხადებს, რომ ეს ღიმილისმომგვრელია მისთვის.
„ჩალაძის გვარის გაგონება უკვე ღიმილისმომგვრელია ყველასთვის, გაურკვეველი ბრალდებები აქვს, ჩვენ საერთოდ ვერ გავიგეთ, რა უნდა ამ ადამიანს, მას თავისი მიზნები აქვს და ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – განაცხადა ჩხაიძემ.