გაუშვებს თუ არა “ოცნება” ციხეში 7 წლით სუს-ის ყოფილ შეფს – რა მოლოდინები აქვს გოგაშვილის ოჯახს

გაუშვებს თუ არა ციხეში 7 წლით “ქართული ოცნება”  სუს-ის ექს-შეფს? სოსო გოგაშვილი ხელისუფლების განაჩენის მოლოდინშია. 9 თვიანი მსჯელობა გახმაუარებულ საქმეზე დღეს გოგაშვილის საბოლოო სიტყვით დასრულდება. სპეცსამსახურების ყოფილი შეფს სასამართლში საბადრაგო სამსახურის წევრები ცოტა ხანში მიიყვანენ.

ოჯახს იმედი არ აქვს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

სოსო გოგაშვილის შვილი ახალი ბრძოლის დაწყებას აანონსებს და ამბობს, რომ ყველა პასუხს აგებს, ვისაც ამ უკანონობაში წვლილი მიუძღვის.

არ არსებობს მიზეზი, რის გამოც იმედი უნდა მქინდეს, რომ დღეს მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას გვაცნობებს. ამიტომ ველოდები, რომ ეს იქნება წინასწარ დაწერილი განაჩენი და მამაჩემს უკანონოდ და უსამართლოდ მიუსჯიან სასჯელს. ჩვენ მოგვიწევს, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და ეს იქნება ახალი ბრძოლის დასაწყისი, რათა დავამტკიცოთ, რომ ეს სისტემა მოგვექცა უკანონოდ, უსამართლოდ, რადგან ჩვენი ოჯახი არის ამ სისტემის მსხვერპლი. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როცა ყველა დამნაშავე პასუხს აგებს, ვისაც მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ამ უკანონობაში”, – ამბობს ნინი გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილის საბოლოო სასამართლო პროცესი სამ საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share