ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ განცხადების უკან “კორუფციული პროცესები დგას”. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამაში “გასვარეს”. ამის შესახებ მან იმედის გადაცემაში ისაუბრა.
“მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება, პირდაპირ ვიტყვი – ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, კორუფციაში ფული არ იგულისხმება მარტო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, მძიმედ მეტყველებს ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს”, – აცხადებს კობახიძე.
დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ “არა უშავს”. მისი თქმით, ამ ფაქტს “როგორმე გადაიტანს”.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც – მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.