გურული სამზარეულო – ქათმის, ბატის, იხვის და ინდაურის კერძები

ქათმის შემზადება. აჩარიქეთ [ასჭერით], მოხარშეთ ქოთანში, დაუდევით დუღილის დროს დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, მარილი და ბოლოს დაასხით ძმარი, ვისაც სურს ჩაუმატებს პილპილს ან გორვალს და მზად იქნება.
.
ინდაური მზადდება ორნაირად:
.
ა) აჩარიქებენ ინდაურს, ჩააწყობენ ქვაბში, შიგ ჩააყოლებენ დაჭრილ ხახვს ორ გირვანქამდე, ერთად მოხრაკავენ მაგრად თავდახურულ ჭურჭელში მანემდის, სანამდი ორივე ერთად მოიხრაკებოდეს. შემდეგ დანაყილ ნიგვზიდან გამოხდიან ზეთს, დანაყილ ნიგოზს აურევენ წყალში და გასწურავენ ხელში, მოურთავენ ქინძს, მარილს და დაასხამენ მოხრაკულ ინდაურს და ადუღებენ. შემდეგ გადმოდგამენ და დაასხამენ ურწყულ ზეთს [დანაყილი ნიგვზიდგან იხდება ზეთი ჯამზე გუნდავებით, რომელსაც უძახიან ურწყულ ზეთს] და მზად არის.
.
ბ) ინდაურს წინ-წინ ნწალავენ [ნახევრად ხარშავენ], შემდეგ სწვავენ შამფურზე, აჩარიქებენ, შემდეგ დანაყილ ნიგოზიდგან გამოხდიან ურწყულ ზეთს, შემდეგ ნიგოზს გახსნიან წყალში, დანაყენ ნიორს, ქინძს, მარილს და გორვალს დაურევენ ერთად, ჩაასხამენ ქვაბში ჩაწყობილ ინდოურს და წამოადუღებენ. ძმარი დაესხმის შუა დუღილის დროს, ურწყული ზეთი მოევლება ზედ ცეცხლიდგან გადმოღების დროს და მზად იქნება – ამას ორივეს ჰქვია ჩასაცივებული ინდაური.
.
ბატის ხორცის შემზადება. ბატის ხორცი ჯერ უნდა მოინწალოს, შეიწვას ცალკე, შემდეგ აიჩარიქოს,შემდეგ კი გადაევლება შენელებული ნიგვზით, ხახვით, ქინძი, ნიორი და მარილი დანაყილით ბატის ხორცს და წამოდუღდება. მერმეთ დაასხამენ ძმარს შუა დუღილის შემდეგ და მზად იქნება; ასევე მზადდება იხვიც.
.
ხშირად ბატს შაშხად ინახავენ და შემდეგ ამზადებენ მისგან საჭმელს. დაშაშხვა ბატის ასე უნდა: ბატის ხორცს მოაყრიან მარილს, დანაყილს, გააშრობენ ოჯინჯალაზე კვამლში, სადაც ჩამოკიდული იქნება ხუთ-ათ დღეს. საჭიროების დროს აჩარიქდება, ჩაიწყობა ქოთანში და წყლით მოიხარშება. შემდეგ დაედება დანაყილი ქინძი, მარილი, ნიორი, დაერთვის ძმარი დუღილის დროს. ძმრის მაგიერ, კარგია, თუ უზამთ ყარაოს, დადუღებულ ტყემალს, და მზად იქნება.
.
ქათამი ერბოში მოხრაკული ასე მზადდება: აიჭრება ვარია ქათამი [ახალგაზრდა], ჩაიწყობა სპილენძის ქოთანში, შიგ ჩაიწყობა ხახვი და კარაქი და იხრაკება თავდახურული ერთად, ზედ პამიდორი დააყარეთ, იდუღოს ერთხანს, მერმე გათქვიფე კვერცხი და დაასხი ზემოდამ. როცა კვერცხი შეიკრას, მზად იქნება.
.
მენიკი ჩიჩუა, ჩაწერილია ჩოხატაურში 1936 წელს (შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით)corpora.co
.
მხატვარი – ანტონ გოგიაშვილი 1904 წელი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share