რაში ადანაშაულებენ ოზურგეთელი ადვოკატები იუსტიციის საბჭოს და რატომ დუმს ეს უწყება

ოზურგეთელი ადვოკატები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს:

“თქვენი უმოქმედობის გამო ირღვევა მოქალაქეთა კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები, მათ შორის „საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.“ მოქალაქეები წლებია ელოდებიან თავიანთ სარჩელებზე და განცხადებებზე რეაგირებას, სამოქალაქო (და არამარტო) სპეციალიზაციის ადვოკატები ფაქტიურად დავრჩით სამუშაოს გარეშე, მოსამართლეების ფაქტობრივი სამუშაო საათების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონით დადგენილ სამუშაო საათების ოდენობას, ირღვევა მათი უფლებებიც”

ნათქვამია ოზურგეთელი ადვოკატების ერთობლივ განცხადებაში, სადაც ისინი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს მიმართავენ.

ადვოკატები ამ ორგანოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეების დამატების თხოვნით მიმართავენ:

“საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-3 ნაწილებით, 64-ე მუხლით, საერთო სასამართლოების შესახებ  საქართველოს კანონის 341-ე მუხლით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვთხოვთ მოახდინოთ არაუმცირეს 3 მოსამართლის მივლინება 2 წლის ვადით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ასევე 2 მოსამართლის მივლინებას ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოში იმავე ვადით”-წერია განცხადებაში.

თუმცა ამ დრომდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას არ გამოხმაურებია:

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლო ვერ აუდის საქმეთა ნაკადს:

“მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლო ვერ აუდის საქმეთა ნაკადს, განსაკუთრებით პრობლემატურია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული 2016 წლის საქმეები, ამავდროულად ახალი საქმეების 99%-ის ჩანიშვნის იმედი აღარ გვაქვს უახლოეს ერთ წელიწადში (შეიძლება უფრო მეტი დროც დასჭირდეს). ინტენსიურად განიხილება სისხლის სამართლის საქმეები და აქაც გვაქვს დაუსრულებელ საქმეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა. სასამართლოში განმწესებულია მხოლოდ ორი მოსამართლე (ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო მოსამართლეების გარეშეა), რომლებიც ფაქტიურად 24/7 რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ აღნიშნული საკმარისი არ არის და სამართალწარმოების ყოველი მხარე დაზარალებულნი ვართ” -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ სრულად.

როგორც “გურიის მოამბესათვის” ცნობილი ხდება, ამ პრობლემის გარკვეულწილად ამ წესით (დროებითი მივლინებით)  მოგვარებას, შესაძლოა ხელს უშლიდეს, რამდენიმე მოსამართლის საჩივარი, შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოსამართლეთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოსაგან იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობისდა შესაბამისად გაუქმების თხოვნით მიმართავენ, რომელიც იუსტიის უმაღლეს საბჭოს აქვს მინიჭებული და რეგიონებში მოსამართლეების დროებით მივლინებას განსაზღვრავს.

მომჩივანი მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ ეს წესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გარკვეულწილად იმ მოსამართლეების დასასჯელად გამოიყენება, რომლებიც არ ექვემდებარებიან კლანს, და მათ  იშორებენ.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების, ადვოკატების  განცხადება

მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლო ვერ აუდის საქმეთა ნაკადს, განსაკუთრებით პრობლემატურია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული 2016 წლის საქმეები, ამავდროულად ახალი საქმეების 99%-ის ჩანიშვნის იმედი აღარ გვაქვს უახლოეს ერთ წელიწადში (შეიძლება უფრო მეტი დროც დასჭირდეს). ინტენსიურად განიხილება სისხლის სამართლის საქმეები და აქაც გვაქვს დაუსრულებელ საქმეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა. სასამართლოში განმწესებულია მხოლოდ ორი მოსამართლე (ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო მოსამართლეების გარეშეა), რომლებიც ფაქტიურად 24/7 რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ აღნიშნული საკმარისი არ არის და სამართალწარმოების ყოველი მხარე დაზარალებულნი ვართ.

საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია ფლობდეს რაიონული სასამართლოების შესახებ ინფორმაციას, ჰქონდეს ხელთ სტატისტიკური მონაცემები და თავად იღებდეს ზომებს შესაძლო ან/და არსებული პრობლემების გამოსასწორებლად.  რასაც ფაქტიურად ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ. საქართველოს მასშტაბით 9 რაიონულ სასამართლოში, მათ შორის ოზურგეთის რაიონულ სასამართლოშიც  არის 2 ან 1 ან არცერთი მოსამართლე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში 127 მოსამართლეა.  მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადანაწილება უსამართლოა და რაიონული სასამართლოების მუშაობის პარალიზებას იწვევს, რაც ფაქტიურად სასამართლო სისტემის პარალიზებაა და სიტუაციის მშვიბობიანი გადაწყვეტისათვის თავად იუსტიციის საბჭომ უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა პროპორცული გადანაწილება სასამართლოებში.

თქვენი უმოქმედობის გამო ირღვევა მოქალაქეთა კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები, მათ შორის „საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.“ მოქალაქეები წლებია ელოდებიან თავიანთ სარჩელებზე და განცხადებებზე რეაგირებას, სამოქალაქო (და არამარტო) სპეციალიზაციის ადვოკატები ფაქტიურად დავრჩით სამუშაოს გარეშე, მოსამართლეების ფაქტობრივი სამუშაო საათების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონით დადგენილ სამუშაო საათების ოდენობას, ირღვევა მათი უფლებებიც.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-3 ნაწილებით, 64-ე მუხლით, საერთო სასამართლოების შესახებ  საქართველოს კანონის 341-ე მუხლით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვთხოვთ მოახდინოთ არაუმცირეს 3 მოსამართლის მივლინება 2 წლის ვადით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ასევე 2 მოსამართლის მივლინებას ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოში იმავე ვადით.

იმედს ვიტოვებთ დროულ რეაგირებაზე და ასევე საბჭოს ვთხოვთ ინტენსიურად განახორციელოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების ორგანიზება.

წერილს ხელს 10 ზე მეტი ადგილობრივი ადვოკატი აწერს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share