აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ნეტგაზეთთან ინტერვიუში სანქციების ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ტერმინს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შედეგები ერთნაირია.
“აშშ-ის კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ არის ისინი საჭირო აშშ-ის კანონმდებლობაში, როცა გვაქვს საკმარისი და სანდო მტკიცებულებები კორუფციულ ქმედებებში მონაწილე პირების შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია: ამ პირებს [სანქცირებულ მოსამართლეებს ავტ.] არ აქვთ უფლება, შევიდნენ აშშ-ში.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს აქვს საკმარისი, სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების შესახებ, შეერთებული შტატების კანონმდებლობით ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავაწესოთ ეს სავიზო სანქციები”, – ამბობს დეგნანი.
8 აპრილს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კლანის მოსამართლეების სანქცირებისთვის აშშ-ს საჭირო მტკიცებულებები არ ჰქონდა, და ოცნების მხრიდან მათი მოთხოვნის შემდეგ “აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ ანუ სავიზო შეზღუდვაა”.
***
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.