წონაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, არაა თვითმიზანი წონის ყოველდღიური კონტროლი – ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

“ვივამედის” კლინიკურმა ხელმძღვანელი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს კვლავ აღენიშნება ტემპერატურული რეაქცია.

ჩხაიძეს ჟურნალისტებმა კითხვა წონასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, თუმცა მან ზუსტ წონაზე არ ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება აუცილებელი არ არის.

“მოდით წონაზე და ა.შ. ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. პერიოდულად დღის განმავლობაში აღენიშნება ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ ძირითადად მაინც რჩება ნორმის ფარგლებში. კვებას რაც შეეხება, გრძელდება ისევ 400-500 კილოკალორიის ფარგლებში.  არ არის თვითმიზანი ყოველდღიური კონტროლი იმიტომ, რომ პაციენტის რეაქციაც ამაზე არაერთგვაროვანია, იცით თქვენ, ამიტომ როდესაც თვითონ გადაწყვეტს მაშინ მოხდება აწონვა”,- თქვა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის კონსილიუმის ექიმმა თენგიზ წულაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 1 თვეში 4 კილოგრამი დაიკლო და ის 63 კილოგრამს იწონიდა. ეს განცხადება ომბუდსმენის კონსილიუმის წევრმა მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ვიზიტის შემდეგ გააკეთა, რომელიც 2 აპრილს შედგა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share