სტრასბურგმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი დასაშვებად ცნო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი დასაშვებად ცნო – გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

 

დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე არსებითი განჩინება მოჰყვება. საჩივარი სტრასბურგში საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 22 აგვისტოს შეიტანა. ეს არის მეოთხე სახელმწიფოთაშორისი განცხადება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.

განცხადებიდან ირკვევა, რომ საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს.

საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას, ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს.

სარჩელში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალში გაიტაცეს და წამებით მოკლეს, ასევე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის უკანონო დაკავება და მკვლელობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share