საქართველოში მოსწავლეთა 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს.

2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.

UNICEF აღნიშნავს, რომ  სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.

“საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში”, – წერს ორგანიზაცია.

კითხვაზე, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა სკოლა ბავშვს საკვებით, სასკოლო ასაკის ბავშვების შობლების/ოჯახის წევრების დიდი უმრავლესობა დადებითად პასუხობს (83.2%)

რესპონდენტების (74.2%), მათ შორის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლების, უმრავლესობა მზად არის, გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამებში, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს ისარგებლოს აღნიშნული სერვისით.

“კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღებისყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87 პროცენტში”, – წერს ორგანიზაცია.

მნიშვნელოვან პროლებმად სახელდება საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა – ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 პროცენტი), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.

კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share