1708 წელს ე.წ. კონდრატე ბულავინის კაზაკთა ბუნტის რუსების მიერ ჩახშობის შემდეგ ატამან იგნატ ნეკრასოვის მეთაურობით დონის და კუბანის კაზაკების ნაწილმა რუსეთი დატოვა და თურქეთში გადავიდა. ეს იმ კაზაკების ნაწილი გახლდათ, რომლებიც ყირიმის ხანს უჭერდნენ მხარს და რუსეთის იმპერიას ებრძოდა.
.
შემდეგში ეს კაზაკები „ნეკრასოვცების“ (Некрасовцы) დასახლებითაა ცნობილი. ნეკრასოვცები ძველი აღმსარებლობის ანუ სტაროობრიადცევები იყვნენ და არ აღიარებდნენ რუსეთი პატრიარქ ნიკონის 1660 წლის რეფორმირებულ რუსულ ეკლესიას.
.
ნეკრასოვცების დასახლება თურქეთში მარმარილოს ზღვის სანაპიროზე ბინ-ევლეში გახლდათ, რომელსაც თავად კაზაკები მაინოსს უწოდებდნენ.
.
1912 წელს მაინოსში მცხოვრებმა ასორმოცდაათამდე ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. რუსეთ თურქეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ რუსებმა კაზაკები დონისკენ აღარ გაუშვეს და გურიაში დღევანდელი ლაითურის ტერიტორიაზე დაასახლეს, მათვე თითო ოჯახზე გადასცე 10 დესეტინა ტყე და მისცეს მიწის ნაკვეთები.
.
1915 წლის გაზეთი „პეტროგრადსკიე ვედომოსტის“ ინფორმაცია – „ოზურგეთიდან 8 ვერსტში თურქეთიდან ჩამოსულმა რუსებმა შექმნეს ახალი დასახლება, რომელთა მონათხრობით მათმა წინაპრებმა 200 წლის წინ მიატოვეს დონი და გადასახლდნენ თურქეთში, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბურსის შემოგარენში, ბოლო წლებამდე ისინი თურქეთში კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ მლადოთურქები (младотурки) დაიწყო მათი შევიწროვება, რის შემდეგაც ისინი დაბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში და საცხოვრებლად მოწყვნენ გურიაში სადაც მათ გადაეცათ სახაზინო მიწის ნაკვეთები, გურიაში მათ დაიწყეს მიწათმოქმედება, მებაღეობა და ხელოსნობა.
.
მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან დიდი ხნის გადახვეწილი იყვნენ და ცხოვრობდნენ თურქეთში ისინი კარგად ფლობენ რუსულ ენას და ასევე კარგად ლაპარაკობენ თურქულადაც. დასახლებას რომელშიც 120 ოჯახი ცხოვრობს მათ დაარქვეს „ვოსკრესენიე“. დასახლებაში მათ აქვთ თავიანთი ეკლესია და სკოლა. მათი კოსტიუმები ბულგარული სტილისაა, ხოლო ნაწილი ძალიან გავს მალოროსიულს. მათი რწმენა მართმადიდებლურია, მაგრამ თავიანთ თავს ეძახიან „ედინოვერცებს“, რის გამოც მათ სექტანტებად მიიჩნევენ.“
.
გურიაში დასახლებულ კაზაკებს შემონახული ჰქონდათ რუსული ენა, ძველი აღმსარებლობის წესები და კაზაკური წოდებები. გურულებს კი გასაგები მიზეზების გამო კაზაკები და ისიც სხვა აღმსარებლობის დიდად გულზე არ ეხადებოდათ. როგორც თავად კაზაკები აღნიშნავდნენ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართულმა ნაციონალურმა ხელისუფლებამაც დაიწყო მათი შევიწროვება და მათი ნაწილი რუსეთში კერძოდ კუბანში წავიდა თუმცა არც ამჯერად მისცეს მიწა დასასახლებლად. ამის შემდეგ კაზაკები წითელ არმიას შეურთდნენ და მათი დასახლების საკითხიც გაირკვა.
.
გურიაში ჩამოსახლებულ რუსი სტაროვერების ისტორია გურიის ისტორიის კარგი მცოდნე კაცისგან მქონდა გაგებული, მისი ინფორმაციით მათი დასახლება და ეკლესია დღევანდელი დაბა ლაითურის დასავლეთი მდებარეობდა და 1980-იან წლებში მათი ეკლესიის ნანგრევებიც იყო შემორჩენილი. ასევე პირადად შევხვედრივარ მათ შთამომავლობას, რომლებიც 1993 წალმდე მდინარე ნატანების ზღვის შესართავთან ცხოვრობდნენ და მომისმენია თურქეთიდან მათი გურიაში ჩამოსახლების ისტორია, რომლის მიხედვითაც მათი წინაპრები ძალიან კარგად ცხოვრობდნენ თურქეთში და გადმოსახლება მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. ნეკრასოვცების მცირე ნაწილი ახლაც ცხოვრობს გურიის შავი ზღვის სანაპიროზე.
.
გაზეთი „პეტროგრადსკიე ვედომოსტი“ (Петроградские Ведомости) 17 ოქტომბერი 1915 წელი
Энциклопедический словарь Ф.А. Брокгауза и И.А. Ефрона
Казаки-некрасовцы на службе у крымских ханов – М. Кизилов
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა